აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას დატოვებს

topnews.in

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას დატოვებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ვიქტორია ნულანდმა მაცნობა, რომ უახლოეს კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამ პოსტზე ის ახორციელებდა ბაიდენის სწრაფვას, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, აღადგინოს აშშ-ს გლობალური ლიდერობა ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ პერიოდში. [...] სწორედ ვიქტორიას ლიდერობა უკრაინაში არის ის, რასაც დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის სტუდენტები წლების განმავლობაში ისწავლიან. მისი ძალისხმევა შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მისი სტრატეგიული წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად გლობალური კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და უკრაინის დასახმარებლად იმ დღის მიღწევაში, როდესაც ის შეძლებს ფეხზე მტკიცედ დგომას – დემოკრატიულად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით". - წერია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 35 წლის განმავლობაში, 6 პრეზიდენტისა და 10 სახელმწიფო მდივნის დროს მუშაობდა.

ნულანდის შემცვლელის დამტკიცებამდე, მის მოვალეობას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი შეასრულებს.

კომენტარები