ახალი რუსული კანონი

"პოპულისტური აბსურდი" - BASSIANI ოცნების დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე

კლუბი "ბასიანის" შესასვლელი
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

კლუბი Bassiani ქართული ოცნების მიერ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებას განცხადებით ეხმაურება.

Bassiani წერს, რომ კანონი სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საფრთხეს უქმნის საკლუბო კულტურას. ისინი ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრებს, უარი თქვან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და განხორციელებაზე.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"ვეხმაურებით მავნებლურ საკონსტიტუციო ცვლილებებას, ე.წ “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის შესახებ, რომელიც პირველად რუსეთში შეიქმნა და მას შემდეგ, მისი მიღება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გახდა შესაძლებელი, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ფაშისტური მთავრობები მართავენ. ჰომოფობიური ინიციატივა წარმოადგენს პირდაპირ, აგრესიულ შეტევას ქვიარ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიან ინსტიტუციონალიზებულ ზეწოლას პოლიტიკური და რელიგიური ისტებლიშმენტის მიერ, რომლებიც ხელოვნურად აღვივებენ კონფლიქტებს, საზოგადოებრივი ჯგუფების დაყოფისა და ამ გზით, მათზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით. ეს არის ხელისუფლების ამაო მცდელობა, ჩაახშოს ყველა კრიტიკული ხმა.

კანონი სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას საჯარო და თავისუფალი სახელოვნებო საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროზე. საფრთხის ემუქრება საკლუბო კულტურას, ქვიარ წვეულებებსა და ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ დრეგ კულტურას, რომელიც თანამედროვე ქართული ალტერნატიული კულტურის მონაპოვარია. საზოგადოებრივი მორალისა და ოჯახის ღირებულებების დაცვის მოტივით ამ კანონის მიღება არის პოპულისტური აბსურდი. ქართულ საზოგადოებას, და მოწყვლად ჯგუფებს დღეს დაცვა სჭირდებათ პირველ რიგში უთანასწორო, გულგრილი და არაადამიანური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისგან, რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტანჯვისთვის გაწირა და ქვეყნიდან გაქცევა აიძულა, და რომლის შემქმნელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი. მარტის აქციები, როდესაც ხალხის რისხვამ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების შესაძლებლობა არ მისცა, გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მუდმივად ცდილობს, უგულებელყოს ჩვენი მტკიცე და ურყევი მიზანი, შექმნას თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოება. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს, ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული გარემო რუსულ რეპრესიულ მეთოდებს დაუქვემდებაროს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, უარი თქვან საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასა და განხორციელებაზე, რომლის მიღებას, გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს.

იმედი გვაქვს, საზოგადოება უკომპრომისოდ დაუდგება ქვიარ ადამიანებს გვერდში ამ მძიმე დროს და გამოხატავენ სოლიდარობას, რომელიც ახლაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი ძალაა რეპრესიული სისტემის შესაჩერებლად".


25 მარტს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება.

"გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ". - თქვა მდინარაძემ

კომენტარები