ახალი რუსული კანონი

ქუთაისში განხილვაზე იკითხეს, თუ ჩაუტარდებათ გეებს თანამდებობაზე დანიშვნისას ექსპერტიზა

ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 2024 წლის 22 აპრილი
საქართველოს პარლამენტი

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის სახალხო განხილვის მონაწილემ იკითხა, ჩაუტარდებათ თუ არა ექსპერტიზა გეებს თანამდებობაზე დანიშვნისას.

"ერთი მაინტერესებს: თუ დაკონკრეტდება საჯარო სამსახურებში, სასკოლო პირობებში, თანამდებობის პირები, რომლებსაც შეიძლება გადახრები ჰქონდეთ? ზოგი ჭორებად, ზოგი ისე. თუ შეიზღუდება - ეს კანონი თუ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ასეთი პრეცედენტის მატარებელი, რომ ქალი ქალთანაა კაცი კაცთანაა და თანამდებობებს იკავებენ... როგორ იქნება იმათი კონტროლი დანიშვნაზე? ექსპერტიზა ჩავუტაროთ, თუ როგორ იქნება? იმიტომ, რომ არის პრეცედენტები, ზოგი ხელმძღვანელი პირები, სკოლებში პედაგოგები - არის სამწუხაროდ. თუ შეზღუდავს ცოტა - რა უნდათ თანამდებობაზე?!" - იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

უცნობია რა უპასუხეს შეკითხვის ავტორს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილე დეპუტატებმა, რადგან, კითხვის დასმიდან მალევე, პირდაპირი ეთერი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გადმოსცემდა, გაწყდა.

ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

3 აპრილს ოცნებამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი შარშან ჩაგდებულ რუსულ კანონთან ერთად პარლამენტში დაარეგისტრირა.

10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა.

დღეს, 22 აპრილს კი ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები