მეცნიერება

ბეთჰოვენის უიღბლო გენები – როგორ შეიძლება შეცდეს მეცნიერება

მეცნიერება

ბეთჰოვენის უიღბლო გენები – როგორ შეიძლება შეცდეს მეცნიერება

გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ გენიალურ კომპოზიტორს მუსიკალურობისადმი მიდრეკილება სულაც არ ჰქონია - რასთან გვაქვს საქმე?

გენიალური ადამიანები ჩვენს წარმოსახვას იპყრობენ - პლატონიდან მოყოლებული აინშტაინით დამთავრებული ადამიანის აზროვნების ისტორიაში გენიოსებს თვალშისაცემი ადგილი უკავიათ. ისმის კითხვა: ზუსტად რა გამოარჩევს მათ სხვებისგან? რამ განაპირობა მათი განსაკუთრებული ოსტატობა თავიანთ სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება თუ ფილოსოფია?

ამ კითხვაზე მრავალი პასუხი გენიალურობას მემკვიდრეობას უკავშირებს, გარკვეული ინტუიცია გვკარნახობს, რომ ყველა თვისების საწყისი წინაპრებში უნდა ვეძიოთ - ადამიანები ხომ თავიანთ მშობლებს ემსგავსებიან?

გენეტიკის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში თანამედროვე მიღწევებმა კი ეს აზრი თითქოს უფრო დაახლოეს კიდეც რეალობას და ჩნდება განცდა, რომ ჩვენს სხეულში ამ ფილოსოფიური ქვის აღმოჩენას, გენიალურობის ამხსნელ სპეციფიკურ მცირე ნაწილაკებს, გენებს, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტი სამეცნიერო კვლევა, მონდომება და დაფინანსება გვაშორებს.

მეცნიერთა ერთ-ერთი ჯგუფის თქმით, დღევანდელი ცოდნისა და ტექნოლოგიის ფონზე ეს წამოწყება სირთულეებს აწყდება - ცალკეულ ინდივიდთა უნარების პროგნოზირება არც ისე სწორხაზოვანია. 

იმის საჩვენებლად, თუ რატომ არის პრობლემური გენეტიკური ანალიზის დღევანდელი მეთოდებით ინდივიდუალური შესაძლებლობების პროგნოზირება, მეცნიერებმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დნმ-ს ანალიზი ჩაუტარეს. როგორც შედეგებმა აჩვენა, გენიალურ კომპოზიტორს შესაძლოა მუსიკალურობისადმი მიდრეკილება სულაც არ ჰქონია.

კვლევა გამოცემა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დნმ-ზე დაფუძნებულ პროგნოზსა და ბეთჰოვენის მუსიკალურ გენიას შორის დიდი აცდენა ღირებულ გაკვეთილს გვასწავლის“. - თქვა სიმონ ფიშერმა, მაქს პლანკის ემპირიული ესთეტიკის ინსტიტუტის (MPIEA) ენისა და გენეტიკის პროფესორმა.  

კომპოზიტორის გენომის შესასწავლად მკვლევრებმა მისი შემორჩენილი თმის ღერების გენეტიკური მასალა გააანალიზეს, შემდეგ კი მთლიანი გენომის ასოციაციის კვლევების (GWAS) მონაცემების ფონზე მიანიჭეს ე.წ. პოლიგენური ქულა (PGI) - რომელიმე კონკრეტული თვისების გამოვლენისკენ გენეტიკური მიდრეკილების მაჩვენებელი.

უნარი, რომლისადმი მიდრეკილებაც შეამოწმეს მეცნიერებმა, რითმის სინქრონიზაცია იყო - ტაქტისა და რითმის შემჩნევისა და მასთან აყოლის შესაძლებლობა. ეს მაჩვენებელი სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, თანამედროვე მოსახლეობებში მუსიკალურობის ზოგად მაჩვენებლებს მჭიდროდ უკავშირდება, ხოლო გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბეთჰოვენს რითმის სინქრონიზაციისკენ საშუალოზე დაბალი მიდრეკილება ჰქონდა.

Wesseldijk et al., Current Biology, 2024

„ნებისმიერი ანალიზის ჩატარებამდე, კვლევა წინასწარ დავარეგისტრირეთ და ხაზი გავუსვით, რომ ბეთჰოვენის ქულაზე არანაირი წინასწარი მოლოდინი არ გვქონია, არამედ, ჩვენი მიზანი იყო, ეს გამოგვეყენებინა იმის მაგალითად, თუ რა სირთულეებს ვაწყდებით 200 წელზე დიდი ხნის წინ მცხოვრები ადამიანის შესახებ გენეტიკური პროგნოზის კეთებისას“. - თქვა ლაურა ვესელდიკმა, კოგნიტურმა ნეიროფსიქოლოგმა MPIEA-ში.

მეცნიერთა თქმით, ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც მათ აღნიშნეს,  პოლოგენური ქულების გამოსადეგობა შეზღუდულია.

„სკეპტიკურად უნდა განეწყოთ, თუკი ვინმე გიმტკიცებთ, რომ გენეტიკური ტესტით სარწმუნოდ განსაზღვრავს, ექნება თუ არა თქვენს ბავშვს მუსიკალური ნიჭი - ან განსაკუთრებული კომპეტენტურობა ქცევის სხვა სფეროში“. - თვა საიმონ ფიშერმა, ენისა და გენეტიკის პროფესორმა MPIEA-ში.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ანალიზი გამოსადეგია მაშინ, როცა საქმე არა სპეციფიკური ისტორიული ადამიანის უნარებთან, არამედ კონკრეტულ პერიოდსა და ადგილზე მიბმულ ქცევებში პოპულაციური მასშტაბის ტრენდების კვლევასთან გვაქვს, ხოლო ინდივიდზე მსჯელობისას ზედმეტად ბევრი გარეგანი ფაქტორი მოქმედებს საიმისოდ, რომ ზუსტად პროგნოზირება შეიძლებოდეს. მაგალითად, დასავლურ საზოგადოებაში არსებული გარემო, რომელმაც განაპირობა ეს გენური ასოციაცია, შესაძლოა, ბეთჰოვენის დროს არ ყოფილიყო.

ამ კვლევამ, ერთი მხრივ, აჩვენა, როგორ შეიძლება შეცდეს და დაბნეულობამდე მიგვიყვანოს მეცნიერული კვლევის თანამედროვე მეთოდებმა. მეორე მხრივ, ვფიქრობ, ამ კვლევისთვის რელევანტურია სხვა მნიშვნელოვანი პრობლემაც, რომელსაც კვლევა არ შეეხო - საზოგადოებაში დამკვიდრებულია გავრცელებული უკრიტიკო ბრმა რწმენა ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის შედეგისადმი. მრავლისთვის ავტორიტეტულობის განცდის შესაქმნელად მხოლოდ „მეცნიერებისა“ და „კვლევის“ ხსენებაც საკმარისია - თუ დებულებაზე ვიტყვით, რომ ის მკვლევართა დასკვნას წარმოადგენს, ის ავტომატურად  სარწმუნო ხდება.

ცხადია, მეცნიერთა ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება ისეთ საკითხებში, რომლებშიც ისინი მას ლეგიტიმურად ფლობენ, უგუნურობა იქნება, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა და კრიტიკული აზროვნება თავადვე მეცნიერების ქვაკუთხედს წარმოადგენს - საჭიროა, ვაცნობიერებდეთ, რომ მეცნიერება ღვთაებრივ ცოდნას არ ფლობს.

რა თქმა უნდა, ყველასთვის სარგებლიანია, როცა ექსპერტები საზოგადოებას თავიანთი სპეციალიზაციის შესაბამის რჩევებს სთავაზობენ, მაგალითად როცა „10-იდან 9 სტომატოლოგი“ რომელიმე კბილის პასტას გვირჩევს, მაგრამ რამდენად კარგია, როცა ავტორიტეტულობის მოსასხამით „10-იდან 9 გენეტიკოსი“ მუსიკალური გენიალურობის საფუძვლებზე, „10-იდან 9 ფიზიკოსი“ ფილოსოფიის საჭიროებაზე და „10-იდან 9 ბიოქიმიკოსი“ თავისუფალი ნებაზე საუბრობს?

რა არის საიენტიზმი?

მკაფიო ხაზი უნდა გავავლოთ ე.წ. საიენტიზმსა (Scientism) და მეცნიერებას შორის. ერთის კრიტიკა აუცილებლად მეორის კრიტიკასაც არ ნიშნავს, შეიძლება, ადამიანი მეცნიერებას გულმხურვალედ უჭერდეს მხარს, ხოლო საიენტიზმს მწვავედ აკრიტიკებდეს. პირიქით, საიენტიზმი ცოდნის სხვა დარგებთან ერთად ჭეშმარიტ მეცნიერებასაც აზიანებს.

მეცნიერება არის საქმიანობა, რომელიც ობიექტური გზებით გარემო სამყაროს შესახებ ცოდნის მიღებას, სისტემატიზაციასა და დამუშავებას ემსახურება, ხოლო საიენტიზმი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდს სათაყვანებელ საგნად ხდის და მიიჩნევს, რომ ის კვლევის ყველა სფეროში, მათ შორის ფილოსოფიაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც უნდა გამოიყენებოდეს.

უდავოა, რომ მეცნიერების წინსვლამ ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ საგრძნობლად განავითარა და თანამედროვე ცივილიზაციის სიკეთეებს, მედიცინის, კავშირგაბმულობის თუ სხვა თვალსაზრისით, დიდწილად მას უნდა ვუმადლოდეთ. შეცდომაში მაშინ შევდივართ, როცა ამ მიღწევების საფუძველზე მეცნიერების ეფექტიანობას არასამეცნიერო საკითხებზეც განვავრცობთ.

როგორ გავიგოთ, როცა საიენტიზმთან გვაქვს საქმე? მეცნიერების ფილოსოფოსმა სიუზენ ჰააკმა საიენტისტური აზროვნების ექვსი ნიშანი გამოყო:

  • პირველი ნიშანი არის სიტყვების, „მეცნიერულისა“ და „მეცნიერების“, გამოყენება ეპისტემიური ღირსების აღსანიშნად - როცა რაიმეს „მეცნიერულად“ მისი სარწმუნოობის ხაზგასასმელად მოვიხსენიებთ.
  • მეორე ნიშანი არის სიტუაციისთვის შეუფერებლობისა და უსარგებლობის მიუხედავად მეცნიერული ტერმინოლოგიისა და ჩვევების გამოყენება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ფსიქოლოგების, ბარბარა ფრედერიკსონისა და მარსიალ ლოსადას 2005 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი შეფარდება დადებით და უარყოფით ემოციებს შორის ზუსტად 2.9013/1 არის.
  • ჰააკი მესამე და მეოთხე ნიშნებად გამოყოფს მეცნიერებასა და ფსევდომეცნიერებას შორის დემარკაციის ხაზისა და მეცნიერების არამეცნიერული აქტივობებისგან განსასხვავებლად მეცნიერული მეთოდის მკაცრი განსაზღვრების ძიებისკენ მიდრეკილებას. თუმცა, როგორც ფილოსოფოსი და ბიოლოგი, მასიმო პიგლიუჩი ამბობს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ სწორია, რადგან საიენტიზმის მიმდევრებს მეცნიერების არა შეზღუდვა, არამედ გაფართოება ახასიათებთ და მასსა და ზოგად რაციონალობას შორის საზღვრებს შლიან. 
  • მეხუთე ნიშანი არის მცდელობა, რომ მეცნიერების გამოყენებით პასუხი გაეცეს არამეცნიერულ კითხვებს, მაგალითად, ღმერთისა თუ თავისუფალი ნების არსებობის ან მათემატიკური რიცხვების ონტოლოგიის შესახებ და ა.შ.
  • მეექვსე ნიშანი არის არამეცნიერული საქმიანობების დამცირება და უარყოფა. მაგალითად, იმის მტკიცება, რომ ფილოსოფია „უსარგებლოა“, რადგან მეცნიერულ პრობლემებს არ ჭრის.

მეცნიერება ადამიანის ხელთ არსებული ძლიერი იარაღია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ იარაღს ყველანაირი მიზნისთვის ვერ გამოვიყენებთ - საიენტიზმის მიმდევრებს კი, აბრაჰამ მასლოუს ფრაზა რომ მოვიხმოთ, „მხოლოდ ჩაქუჩი აქვთ“ და „ყველაფერი ლურსმნად ეჩვენებათ“.

სამწუხაროდ, საიენტიზმით გამოწვეულმა დაბნეულობამ და შეცდომამ ადამიანის არსის უგულებელყოფამდე და დანაწევრებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს - შედეგად, მთლიანობაში ადამიანიც შეიძლება „ლურსმნად“ გადაიქცეს და ფსევდომეცნიერულ, არაეთიკურ სოციალურ ინჟინერიას ემსხვერპლოს, რისი მაგალითებიც ისტორიაში უხვადაა.

მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის დროს გერმანიის ნაცისტური რეჟიმი ევგენიკის ფსევდომეცნიერების საფუძველზე ე.წ. მეცნიერულ, სინამდვილეში კი საიენტისტურ  გამართლებას უძებნიდა საკუთარ საზარელ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. ნაცისტებისთვის ადამიანს მისი შინაგანი ღირსება წართმეული ჰქონდა, მის შემადგენელ ნაწილებამდე, გენებამდე დაიყვანებოდა.

ამავე პერიოდში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი მარქსიზმ-ლენინიზმის მეცნიერებად შენიღბულ ისტორიცისტულ მეტაფიზიკას იყენებდა სრულმასშტაბიანი ტერორისა და რეპრესიის პოლიტიკის იდეოლოგიური გამართლებისთვის.

დღეს ევგენიკა, ფრენოლოგია და მსგავსი ისტორიული ფსევდომეცნიერებები დისკრედიტირებულია - თუმცა ისინი მხოლოდ ერთი არსის მრავალი ფორმა და გამოვლინებაა, დღესაც არსებობს მეცნიერების მცდარი აღქმა და ინტერპრეტაცია, რომელიც შეიძლება ადამიანის კონცეპტუალური დანაკუწებისთვის იყოს გამოყენებული.

საიენტისტურ იდეებს მრავალი პოპულარული მეცნიერი ავრცელებს - მაგალითად: სემ ჰერისი, რომელიც ამტკიცებს, რომ მეცნიერებას ეთიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია, ნილ დეგრას ტაისონი, რომელიც ფილოსოფიას უსარგებლოდ მოიხსენიებს (ამ იდეას სტივენ ჰოკინგიც ემხრობოდა და მიიჩნევდა, რომ ფილოსოფია „მკვდარია“) და ა.შ.

ბეთჰოვენის გენეტიკის კვლევას რომ მივუბრუნდეთ - მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს არსებული მეთოდოლოგიის ნაკლოვანებას, თუმცა სპეციფიკური სამეცნიერო მეთოდოლოგიის სისუსტეების გარდა საინტერესოა ისიც, თუ რამდენად შეუძლია მეცნიერებას მუსიკალური გენიის, ანდაც მუსიკალურობის გაზომვა. როგორ უნდა შეფასდეს მუსიკალური ნიჭი ობიექტური მეტრიკით?

კვლევაში მუსიკალურობისადმი მიდრეკილების დასადგენად რიტმთან სინქრონიზაციისკენ მიდრეკილება გამოიყენეს, ხოლო ეს მახასიათებელი სხვა მუსიკალურ უნარებთან  და მუსიკალურ კარიერასთან კავშირის კორელაციის გამო აირჩა.

თუმცა, კორელაცია არ უდრის მიზეზშედეგობრიობას - რადგან არ ვიცით ამ ორ ნიშნულს მიღმა პოტენციური მექანიზმის მუშაობის პრინციპი და არც აკურატული ობიექტური დაკვირვების საშუალება გვაქვს, შესაძლოა, ამ ორ მონაცემს შორის კავშირი მხოლოდ შემთხვევითი იყოს.

მეტიც, რითმთან სინქრონიზაცია მუსიკალური ნიჭის არც აუცილებელი და არც საკმარისი ნიშანი არ არის. ერთი მხრივ, რითმთან აყოლის უნარის მხრივ უნიჭო ადამიანიც შეიძლება ძალიან კარგად უკრავდეს მუსიკალურ ინსტრუმენტზე და კომპოზიციაც გამოსდიოდეს. მეორე მხრივ, რითმთან აყოლა რიგ თუთიყუშებსაც შეუძლიათ, რაც შესაძლოა თავის მხრივ საინტერესო და მოულოდნელია, თუმცა ობიექტური თვალსაზრისით, ადამიანებთან შედარებით, მათ განსაკუთრებულ მუსიკალურობაზე არ მიუთითებს.

მუსიკალურობის რაოდენობრივი გზით ზუსტად გაზომვა საკმაოდ რთულია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც - ისევე, როგორც სხვა ხელოვნების დარგების შემთხვევაში, ძნელია მექანიკურად აღვწეროთ, რას ნიშნავს ამ სფეროში „კომპეტენტურობა“. ჩვენ შეგვიძლია, აღვიქვათ და შევაფასოთ მუსიკა, თუმცა ამას სუბიექტურად ვაკეთებთ, ხოლო თუ შევეცდებით, რომ მუსიკალურობა ობიექტური ნიშნულებით აღვრიცხოთ, მაგალითად, სწორად დაკრული ნოტების ხვედრითი წილით, ან რამე სხვა კრიტერიუმით, ცნების არსს ავცდებით - ერთი-ორი არასწორი ნოტით დაკრული ნაწარმოები შეიძლება ჩვენი ყურებისთვის გაცილებით უფრო მუსიკალური იყოს, ვიდრე სრულიად სწორად, მაგრამ უღიმღამოდ შესრულებული კომპოზიცია. ალბათ, მუსიკის თეორიის ცოდნის გაზომვაც შეიძლება, მაგრამ ადამიანის მუსიკალურ გენიაზე გადაჭრით ვერ ვისაუბრებთ მის მიერ შესრულებული ან დაწერილი ნაწარმოების მოსმენის გარეშე.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომ გადავახტეთ ადამიანსა და მუსიკის შეფასებას შორის არსებულ გაუზომავ კავშირს და თავად მსმენელებს ვთხოვოთ, შესრულებული მუსიკა შეაფასონ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ადამიანების მუსიკალური გემოვნება მეცნიერული კვლევისთვის საკმარისად ობიექტური არ არის, მათი პასუხი დამოკიდებული იქნება დროზე, ადგილზე, კულტურაზე, ხასიათზე, გამომკითხველის შესახებ რესპონდენტის პირველ შთაბეჭდილებასა და მრავალ სხვა გარემოებაზე. თანაც, მუსიკალურობის აღქმა ადამიანებს შორის რადიკალურად განსხვავდება - ფრანც ლისტის სონატას სი მინორში მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა იოჰანეს ბრამსმა მისი მოსმენისას დაიძინა.

რამდენად საფუძვლიანია ადამიანში მუსიკალური გენიის მიზეზის მეცნიერული ძიება, როცა მუსიკის ხარისხის სანდო, საიმედო მეცნიერული შეფასებაც კი შეუძლებელია?

რედუქციონიზმი და ცნობიერების რთული პრობლემა

საიენტიზმის მიმდევრებს ეს წინაღობა არ შეაჩერებდათ - მათი აზრით, მეცნიერებას ყველანაირ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია და, შესაბამისად, მუსიკალური თვისებებიც უნდა დაიყვანებოდეს ისეთ რამემდე, რაც მეცნიერულად დაკვირვებადია.

შეგვიძლია, დავაკვირდეთ და გავზომოთ ფიზიკური ბგერითი ტალღები, რომლებსაც მუსიკის შემსრულებელი ინსტრუმენტის მეშვეობით გამოსცემს, ხოლო მსმენელი თავისი ყურით ისმენს. თეორიულ დონეზე შეიძლება დავაკვირდეთ ამ ტალღის გარდაქმნებს ყურიდან ტვინამდე და იმას, თუ როგორ ამუშავებს ელექტრონულად მას ნეირონები.

საიენტიზმის მომხრე იტყოდა, რომ მუსიკის აღქმა უბრალოდ ნეირონული აქტივობაა ტვინში, რომლის დახარისხებაც და სწავლაც მეცნიერულად შეგვიძლია. ამ იდეას, რომ ადამიანის გონებრივი მდგომარეობები მის ფიზიკურ მდგომარეობებამდე დაიყვანება, რედუქციული ფიზიკალიზმი ეწოდება.

თუმცა, ეს თვალსაზრისი საკმაოდ პრობლემურია. რამდენადაც არ უნდა გვესმოდეს, როგორ და რა მექანიზმით ვრცელდება მუსიკალური ნოტების ბგერითი ტალღები და ჩვენს ყურებამდე აღწევს, ამ ტალღათა სიხშირეების სუბიექტური თვისებრივი განცდა, ე.წ. ქვალე (quale), რომელიც ჩვენ ცნობიერებაში მოგვეცემა, მეცნიერების თვალსაწიერის მიღმა რჩება. მაგალითად, შეიძლება ვიცით, რა სიხშირისაა ბგერა, მაგრამ ობიექტურად არ ვიცით, რა არის ამ ნოტის სუბიექტური აღქმა, რომელიც მას თან ახლავს. ვიცით, რა არის წითელი, მაგრამ არ ვიცით, რა არის „სიწითლის“ აღქმა.

სუბიექტური გამოცდილება და განცდა ჩვენთვის ყველაზე მეტად ცხადი მოცემულობაა, რომლის უარყოფაც ნაკლებად დამაჯერებელია, ხოლო ამ თვისებრივ განცდასა და ფიზიკურ მახასიათებლებს შორის კავშირი, თუკი ასეთი არსებობს, დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი ცოდნით.

ამაზე საუბრობს ფილოსოფოსი თომას ნაგელი თავის ნაშრომში, „როგორია, იყო ღამურა?“, რომელშიც ამტკიცებს, რომ არსებობს ის, თუ როგორია იყო რაიმე, მაგალითად, ღამურა - ესე იგი, ღამურის სუბიექტური თვალთახედვა, გონებრივი მდგომარეობა, რომელიც არ დაიყვანება სხეულებრივ, ობიექტურ მდგომარეობამდე, რადგან ეს აუცილებლად სხვა თვალთახედვაში გადასვლას გულისხმობს.

„ბოლოს და ბოლოს, რა დარჩებოდა იმისგან, როგორია, იყო ღამურა, თუ ღამურის თვალთახედვას ჩამოვაცილებდით?“ - წერს ნაგელი.

რედუქციულ ფიზიკალიზმს აკრიტიკებს ასევე ფილოსოფოსი დევიდ ჩალმერსი, რომელსაც ეკუთვნის ე.წ. „ცნობიერების რთული პრობლემის“ ფორმულაცია. ჩალმერისის თქმით, „ცნობიერების მარტივი პრობლემა“ ცნობიერების ფუნქციის, სტრუქტურისა და დინამიკის ახსნაა, რაც მეცნიერების ტრადიციული მეთოდოლოგიით შეიძლება, თუმცა, რთული პრობლემა იმის ახსნაა, თუ საერთოდ რა განაპირობებს ცნობიერების არსებობას ფიზიკურ სისტემებში.

დავიდ ჩალმერსი და ქრისტოფ კოხი,  წყარო:  Scientific American / Joe Horgan

ამ პრობლემის შესახებ თავთავიანთ პოზიციებში დარწმუნებულმა ჩალმერსმა და ნეირომეცნიერმა, ქრისტოფ კოხმა 1998 წელს სანაძლეო დადეს. კოხი ამტკიცებდა, რომ 25 წელიწადში, ე.ი, 2023 წლისთვის, მეცნიერებს ცნობიერების მიღმა ნეირონების „ნათელი“ კანონზომიერება ეცოდინებოდათ, ჩალმერსი კი მის ენთუზიამს არ იზიარებდა.

2023 წლის ზაფხულში მოაზროვნეები ყოველწლიურ კონფერენციაზე შეხვდნენ, კოხმა ჩალმერსი გამარჯვებულად აღიარა და სანაძლეოს ჯილდო, დაძველებული ღვინის ყუთი გადასცა - დღეისთვის ცნობიერების შესახებ მეცნიერებმა არაფერი „ნათელი“ არ იციან, პირიქით, ეს საკითხი დღემდე ყველაზე მეტად კონტროვერსიულია.

წარსულის პერსპექტივა თანამედროვე პრობლემაზე

ამ პრობლემიდან გამოსავლის ძიებისას ასევე საინტერესოა წარსულში მიბრუნება, რადგან შესაძლოა, ფორმულირებული პრობლემა თანამედროვე ფილოსოფიის წინამძღვრებიდან გამომდინარეობდეს - მაგალითად, ედვარდ ფესერის თქმით, არისტოტელესა და თომა აკვინელის მეტაფიზიკის ფარგლებში მსგავსი პრობლემები არც კი წარმოიშვება.

მართალია, დღეს დეკარტისეული სუბსტანციური დუალიზმი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა თანამედროვე დავები ცნობიერების შესახებ გარკვეული თვალსაზრისით კარტეზიანულ გონებისა და სხეულის პრობლემას ეფუძნება.

დეკარტის დუალიზმი მის მექანიკურ ფილოსოფიას ეყრდნობა, რომელმაც ჰილემორფიზმი (ბერძნ. ჰილე - მატერია, მორფე - ფორმა) ჩაანაცვლა და არისტოტელეს მეტაფიზიკას დაუპირისპირდა - ამგვარად, უკუაგდო პოტენციისა და აქტუალობის, მატერიისა და ფორმის კატეგორიები. ნაცვლად ამისა, დეკარტმა ჩამოაყალიბა ორი, გონებრივისა (res cogitans) და მატერიალური (res extensa) სუბსტანციის თეორია. მისი თქმით, res cogitans მხოლოდ ადამიანებს აქვთ, რომელთა ინტელექტი მათი სხეულისგან სრულად დამოუკიდებელია, ხოლო ნებისმიერი მატერიალური რამ, უპირველეს ყოვლისა res extensa-ს განფენაა, მატერიალურ საგანთა სხვა თვისებები კი, მაგ. ფერი, ხმა, ა.შ., უბრალოდ შემთხვევითად არის მოაზრებული.

ამ ონტოლოგიაში ვერ ვხვდებით ჰილემორფისტულ იდეას სუბსტანციური ფორმის შესახებ, რომელიც, ფესერის თქმით, არსებულ ცნობიერების ფილოსოფიურ პრობლემას პასუხობს. არისტოტელეური მეტაფიზიკის ფარგლებში ცვლილება შესაძლებელია, რადგან საგანთა პოტენცია, შესაძლებლობა, აქტუალობად გარდაიქმნება. ამ დიქოტომიას ესადაგება მატერიისა და ფორმის კატეგორიებიც - მატერიას აქვს პოტენციალი, რომ ფორმა მიიღოს, ან დაკარგოს, ხოლო ფორმა აქტუალიზებას უწევს მატერიის პოტენციალს. აკვინელი სრულიად უცვლელ მატერიას ძირითად მატერიას, ფორმაშეძენილს კი - მეორეულ მატერიას უწოდებს. სუბსტანციური ფორმები ძირითად მატერიებზე მოქმედებს და სუბსტანციებს წარმოქმნის, შემთხვევითი ფორმები კი, მხოლოდ არსებულ სუბსტანციებს გარდაქმნის ატრიბუტების დამატების ან მოკლების სახით.

არისტოტელეურად, სუბსტანციური ფორმები, მცირე გამონაკლისების გარდა, ბუნებრივია და ბუნებაში გვხვდება, ხოლო ადამიანის შექმნილი საგნები უმეტესწილად შემთხვევით ფორმებს განეკუთვნება. ინჟინრები თავიანთ ხელსაწყოებს საგანთა ფიზიკურ მახასიათებლების გამოყენებით აწყობენ - შესაბამისად, აძლევენ ფორმას, თუმცა არსებულ სუბსტანციას თვისებრივად არ ცვლიან. შემთხვევითი ფორმა, მაგალითად კომპიუტერი, მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილების ჯამია, ხოლო სუბსტანციური ფორმები უფრო მეტია, ვიდრე მათი შემადგენელი ნაწილების ჯამი და დამოუკიდებელი არსებობაც აქვთ. მაგალითად, წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ატომებისგან შედგება, თუმცა მისი თვისებები უბრალოდ წყალბადისა და ჟანგბადის ნარევისაგან განსხვავდება.

ჰილემორფისტულ ფილოსოფიაში ადამიანი, ამგვარადვე, არის სუბსტანციური ფორმა, რომელიც მისი შემადგენელი მატერიაც არის და მასზე მეტიც, რადგან ახასიათებს ის, რაც მხოლოდ მატერიას არ აქვს, კერძოდ, გონი და ნებელობა.

ამგვარად, ცნობიერების თავსატეხზე პასუხი შეიძლება მოიძებნოს არისტოტელეურ ფილოსოფიაშიც, რომელიც, როგორც რედუქციონიზმის, ისე სხეულისა და გონების დიქიტომიით წამოჭრილ პრობლემებსაც თავს არიდებს - ადამიანი არის თავისი ფიზიკური სხეულიც და, თან, აღემატება მას. 

ადამიანის კონცეპტუალური დანაწევრება და დაშლა, გარკვეული თვალსაზრისით, ინტუიციურად არასწორია - ჩვენ არ ვართ მხოლოდ ჩვენი შემადგენელი ნაწილები, გენები, ა.შ. არამედ გვაქვს განცდა, რომ უფრო მეტს წარმოვადგენთ.

შესაძლოა, რედუქციონისტებმა ეს მხოლოდ ილუზიად მოიხსენიონ, მაგრამ გვმატებს კი რამეს მეცნიერულად ეს ვარაუდი? ამ სტატიაში განხილული მიზეზებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არა. საიენტიზმი, როგორც ვიქტორ ფრანკენშტეინი, ცდილობს, აჩეხოს ადამიანი და მისი სიცოცხლეწართმეული სხეული თავიდან გააცოცხლოს, თუმცა, ეს არ გამოსდის.

მუსიკა, ხელოვნება, ყოველდღიური სუბიექტური გამოცდილება, აჩვენებს, რომ არსებობს ადამიანის შინაგანი წარმოსახვითი, არაფიზიკური განცდის უნარი, რომელიც უსათუოდ სცდება ფიზიკურ ატრიბუტებს და, ჯერჯერობით, მეცნიერების საკვლევი სფეროს მიღმა რჩება.

კომენტარები