რუსული კანონი

რაქვიაშვილმა რუსული კანონის განხილვაზე ფეხბურთის ბილეთების საყიდლად შესვენება მოითხოვა

საქართველოს პარლამენტი

პარტია გირჩის დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე ბილეთების გაყიდვის დაწყების გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, ტექნიკური შესვენება მოითხოვა.

"ბატონო ანრი, 20 წუთში ბილეთების გაყიდვა იწყება. როგორც ვიცი, ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, თორემ ვზივარ, უეფას საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდე. იქნებ ჩვენი წუხილი გაითვალისწინოთ". - მიმართა რაქვიაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.

ოხანაშვილმა კი რაქვიაშვილს უპასუხა, რომ კითხვას რაც უფრო მალე დასვამს, მით უფრო სწრაფად შეძლებს ფეხბურთის ბილეთების შეძენასაც. 

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას საიტზე დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები