რუსული კანონი

ევროკომისარი პაპუაშვილთან გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა

Arno Mikkor, Aron Urb - Flickr / EU2017EE Estonian Presidency

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო 'ფლაჰერთიმ 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილი გაუგზავნა, სადაცა საუბარია რუსული კანონის რეინიცირებაზე. ო'ფლაჰერთი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს თავი შეიკავოს კანონის მიღებისგან და ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან. 

ინფორმაცია მაიკლ ო'ფლაჰერთის მიერ შალვა პაპუაშვილისთვის წერილის გაგზავნის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ წერილი 11 აპრილით თარიღდება. 16 აპრილს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილი სოციალურ ქსელ X-ზე, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

"აღვნიშნავ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეში “Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ თავიანთი როლი “საზოგადოების ვოჩდოგისა”, მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ დაფინანსების მოთხოვნა და მიღება სხვადასხვა წყაროებიდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში”. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2007)14 ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ 50-ე მუხლში ადგენს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლები უნდა იყვნენ დაფინანსების მოთხოვნასა და მიღებაში - ფულადი ან ნატურალური შემოწირულობები - არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო ორგანოებიდან, არამედ ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოს ან მრავალმხრივი უწყებებისგან, რომლებიც ექვემდებარება მხოლოდ საბაჟო, სავალუტო და ფულის გათეთრების კანონებს და ასევე კანონებს, რომლებიც არჩევნებს და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება”.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაერთიანების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს დადგენილი კანონით, რაც მოითხოვს სიცხადისა და განჭვრეტადობის ტესტს. ეს ასევე აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. აუცილებლობის ცნება მოიცავს ორ პირობას: ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს “აუცილებელ სოციალურ საჭიროებას” და ჩარევა უნდა იყოს პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, შეზღუდვა უნდა იყოს არადისკრიმინაციული.

რაც შეეხება აუცილებლობის ასპექტს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან მიმართებაში გამჭვირვალობის გაზრდის მიზანი შეიძლება შეესაბამებოდეს უწესრიგობის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს ECHR-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, როგორც ეს სასამართლომ აღნიშნა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს არაპროპორციული საშუალებებით და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტური სარგებლობის საზიანოდ. კერძოდ, გაერთიანების თავისუფლების შესახებ OSCE-ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, “იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს ჩარევა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებაში არ სცდება აუცილებლობის საზღვრებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოითხოვს გონივრული ბალანსის დამყარებას ყველა საპირისპირო ინტერესებს შორის და იმის უზრუნველყოფას, რომ არჩეული საშუალებები იყოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალება ამ ინტერესების სამსახურში

კანონის მიღების შემთხვევაში, ამ კანონის იმპლემენტაცია დიდი ალბათობით გამოიწვევს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის სტიგმატიზაციას და დისკრედიტაციას, ვინც მათი საქმიანობისთვის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების თვალში, რაც მათი აქტივობების განხორციელებას ხელს შეუშლის. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვთხოვ პარლამენტის წევრებს, რომ თავი შეიკავონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებისგან. მოვუწოდებ, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ევროპის საბჭოსთან იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას შესაფერისი გარემო ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციების და მედიის ლეგიტიმური საქმიანობისთვის. 

მადლიერი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს ამ წერილის ასლი. მზად ვარ, გავაგრძელო კონსტრუქციული დიალოგი ამ თემაზე და საქართველოში ადამიანის უფლებების სხვა საკითხებზე" - წერია მაიკლ ო'ფლაჰერთის წერილში. 

კომენტარები