რუსული კანონი

NGO-ები: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 15 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა.

არასამთავრებო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუწოდებენ, ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა და ადოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ. 

"გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ დრომდე ზუსტდება რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია. დაკავებულები იმყოფებიან თბილისის სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატებთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის უცნობია როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ:

· ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;

· დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;

· დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

· უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება". - წერია განცხადებაში

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო (RG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

არასამთავრებო ორგანიზაციების თქმით, "ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები განაგრძობენ დაკავებულებთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოში. აქციაზე დაკავების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: #577 07 05 63". 

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები