რუსული კანონი

მდინარაძე კვლავ იმეორებს, რომ რუსულ კანონს ეკლესიის დასაცავად იღებს

მამუკა მდინარაძე რუსული კანონის განხილვაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, რუსული კანონის მიზანია დონორმა ორგანზიაციებმა მომავალში სრულად ან მაქსიმალურად შეამცირონ "ცუდი საქმეების" დაფინანსება.

"ჩვენ გვინდა რომ საქართველო იდგეს თავის სიმაღლეზე და დონორმა ორგანიზაციებმა იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალში არ დაფინანსდეს და შემცირდეს მაქსიმალურად ცუდი საქმეები, რადიკალური ამბები, ექსტრემიზმი, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და მეტი პროცენტული მაჩვენებლით, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან წამოსული გრანტები მოხმარდეს მხოლოდ ისეთ კარგ საქმეებს, რომლისთვისაც მხოლოდ მადლობას ვუთვლით და ვეუბნებით ხოლმე მათ. ეს არის საბოლოო მიზანი და ამას თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა დავაკისროთ ორგანიზაციებს მოცემული კანონპროექტით". - თქვა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანები რუსულ კანონს აპროტესტებენ. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, სხდომაზე განხილვები დღეს 9 საათამდე ვერ მორჩება და სხვა დღეს გაგრძელდება.


15 აპრილს მოქალაქეები პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც რუსული კანონი I მოსმენით მიიღეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები