რუსული კანონი

ხაბეიშვილი ოცნებას სთავაზობს, რუსულ კანონზე პლებისციტი ჩაატარონ

ლევან ხაბეიშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართულ ოცნებას რუსულ კანონზე პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

მან აღნიშნული შეთავაზებით მამუკა მდინარაძეს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მიმართა.

"ამ საკითხის გადაწყვეტა, ვერ ვთანხმდებით - ფაქტია. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ არ იტეხთ და ამბობს, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა [მდინარაძე], თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული.

გთავაზობთ შემდეგ რამეს, ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა, ნუ აყენებთ ამ ნერვულ მდგომარეობაში. გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად, გინდა არჩევნებამდე ჩაატარეთ, არ ვიცი. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს, მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი. ოღონდ ხელის გადაგრეხვით ნუ აკეთებთ ამას, არ არის მამუკა [მდინარაძე] სწორი...". - თქვა ხაბეიშვილმა.


15 აპრილს მოქალაქეები პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც რუსული კანონი I მოსმენით მიიღეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები