რუსული კანონი

შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს

აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ, 16 აპრილი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება და რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაემორჩილონ პოლიციელების მითითებებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება". - წერია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანები რუსულ კანონს აპროტესტებენ. 


15 აპრილს მოქალაქეები პარლამენტთან იურიდიული კომიტეტის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც რუსული კანონი I მოსმენით მიიღეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება პარლამენტის გარშემო მსვლელობა მოეწყოთ, ასევე რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები