რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თქმით, 17 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც ნავთობის ბაზა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 28 აპრილს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც, რეგიონული მაღალჩინოსნის თქმით, კალუგის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზა იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram არხზე განაცხადა, რომ გაშვებული დრონებიდან სამი მოსკოვის სამხრეთით, კალუგის ოლქში ჩამოაგდეს. ოლქის გუბერნატორის ვლადისლავ შაპშას თქმით, დრონები ქალაქ ლიუდინოვოს მიმდებარედ, ნავთობის საცავთან ახლოს ჩამოვარდა. გუბერნატორის ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა.

ამას გარდა, რუსული მხარის ცნობით, უკრაინიდან გაშვებული დრონებიდან ცხრა ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, სამი - კურსკის ოლქში, ხოლო ორიც - ბელგოროდის ოლქში.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლეს.

კომენტარები