არჩევნები 2016

კობახიძე: მარნეულში უბანს ენმ-ის აქტივისტები დაესხნენ თავს და ყუთის გატაცება სცადეს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანს თავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაესხნენ. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ-ის მიზანი საარჩევნო ყუთის გატაცება იყო. 

"მივიდნენ სამართალდამცველები და საბოლოოდ, აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენს აქტივისტებს, ისე სამართალდამცველებს. ისინი ისროდნენ ქვებს, რაც მათი ტრადიციული მეთოდია. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ქვა ესროლეს" - ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მტკიცებით, ენმ-ის წევრმა გიორგი ტუღუშმა "ბინძური ტყუილი" გაავრცელა.

"მან თქვა, თითქოს ჩვენი მხარდამჭერები დაესხნენ თავს უბანს. სინამდვილეში, ესენი იყვნენ ნაცმოძრაობის წევრები, ისინო დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს და შეეცადნენ პროცესის ჩაშლას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვპირდებით აქტივისტებს და თავად აჰმედ იმამკულიევს, რომ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ეს ყველაფერი ასახულია კამერებზე" - თქვა კობახიძემ.

მარნეულში, 48-ე, ყიზილაჯლოს უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. გიორგი ტუღუშის თქმით, ქართული ოცნების აქტივისტებმა უბანი დაარბიეს, ასევე გაიტაცეს საარჩევნო ყუთი.

 

 

კომენტარები