იდლიბის პროვინცია

იდლიბში თურქეთის და რუსეთის ერთობლივი პატრულირება მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა

Reuters

რუსეთმა და თურქეთმა სირიის იდლიბის პროვინციაში პირველი ერთობლივი პატრულირება შეწყვიტეს. მიზეზი ამბოხებულების და მოსახლეობის პროტესტი გახდა. ისინი პუტინსა და ერდოღანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემხრობიან და პროტესტის ნიშნად მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს, სადაც პარტულს უნდა გაევლო. ისინი ტანკებზე ავიდნენ და სირიის დროშები გამოფინეს. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით მათ გზაზე დაანთეს ცეცხლი და შექმნეს ცოცხალი ჯაჭვი.

იდლიბის მოსახლეობა რუსი სამხედროების რეგიონში ყოფნას აპროტესტებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ პატრულირება ამბოხებულების "პროვოკაციის" გამო შეწყდა და ისინი მოსახლეობას "ცოცხალ ფარად იყენებენ". სამინისტროში თქვეს, რომ ამბოხებულების გასაკონტროლებლად ანკარას დრო მისცეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ პირველი პატრულირება, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, დასრულდა და როგორ თურქულმა, ასევე რუსულმა მხარემ პროვოკაციების თავიდან აცილება შეძლეს.

შეთანხმებას ხელი პუტინმა და ერდოღანმა 5 მარტს მოსკოვში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით უნდა შექმნილიყო 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირება უნდა დაეწყოთ რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრულს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა შეთანხმებას სწორედ ამის გამოც ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ ის არ იძლევა არავითარ გარანტიას იმისა, რომ მოხდება მათი დაბრუნება, ვისაც საცხოვრებლის მიტოვება ძალადობის გამო მოუხდა.

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის ძალების მიერ წამოწყებული თავდასხმის შედეგად სახლები მიტოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდნენ, ევროკავშირი არასაკმარისი დახმარების გაწევაში დაადანაშაულა და მიგრანტების ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა.

კომენტარები