ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებებს მრევლის გარეშე ჩაატარებს

facebook.com/igumeni.intskirveli

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებებს მრევლის გარეშე ჩაატარებს.

გადაწყვეტილების შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

"მშვიდობა თქვენდა, გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ის და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს", - ამბობს მეუფე საბა.

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის. 

კომენტარები