ეკონომიკა

პირველ კვარტალში უმსხვილესმა საფონდო ინდექსებმა ათწლეულის ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს

31 მარტს დასრულებული ფინანსური კვარტალი მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ინდექსებისთვის 2008-2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა. 

ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელებისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით გამოწვეული პანიკა მარტის განმავლობაში მუდმივად მატულობდა.ინვესტორები სარისკო აქტივების სწრაფად მოშორებას ცდილობდნენ, რის ფონზეც კიდევ უფრო ეცემოდა აქტივების ფასი. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თავისი მოცულობის 19,7% დაკარგა S&P 500-ის ინდექსმა, რომელზეც 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციები ივაჭრება. შედარებისთვის წინა ეკონომიკური კრიზისის დროს ინდექსი 22%-ით შემცირდა. 

24%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდექსი, ეს ბირჟისთვის 1987 წლის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი კვარტალი იყო. მაშინ ინდექსის მოცულობა 25%-ით დაეცა. 

Washington Post-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, გასულ კვარტალი ყველა ცუდი პირველი კვარტალი იყო ინდექსის არსებობის 135 წლიან ისტორიაში. 

11 მარტს მომხდარ ვარდნასთან ერთად დასრულდა ე.წ. Bull Market ანუ შეუქცევადი ზრდის ციკლი. უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებული ზრდის ციკლი ყველაზე ხანგრძლივი იყო აშშ-ის ისტორიაში. უწყვეტი ზრდის უკვე ბოლო ციკლმა, რეკორდი გასული წლის 23 აგვისტოს დაამყარა და ჯამურად ზრდის 3453 დღეს მოიცავდა. 

მანამდე არსებული ყველაზე ხანგრძლივი ციკლი 1990 წლის 11 ოქტომბრიდან 2000 წლის 24 მარტამდე 3452 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

უმსხვილეს საფონდო ინდექსებზე კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვირუსის გავრცელებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო აშშ-სა და ევროპაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ამერიკული ავიაკომპანიები - მიმდინარე წელს კომპანიებმა ღირებულების 57% დაკარგეს. 

უკიდურესად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე გასულ თვეში უმუშევრად დარჩენილი ამერიკელების რიცხვი 10 მილიონით გაიზარდა, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აშშ-ში მკაცრი ზომების გატარება მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო. შეწყდა ავიამიმოსვლა ევროკავშირდან, მსხვილ ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაზე. 

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლის მოცულობაც 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს სტიმულირების პაკეტის მოცულობა 800 მილიარდ დოლარს შეადგენდა

კომენტარები