კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სულ გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რომლებსაც 1 200 პაციენტის მოვლა შეუძლიათ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 14 აპრილს ტელეკომპანია იმედის ეთერში იმ რესურსებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის სამართავად აქვს. 

ტიკარაძის თქმით, რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების რიცხვით საქართველო "განებივრებული არ არის". როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რომლებსაც 1 200 პაციენტის მკურნალობა შეუძლიათ და 256 ინფექციონისტი, რომლებსაც 853 ინფექციური პაციენტისთვის შეუძლიათ მოვლა. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რესურსი, რაც ქვეყანაში არსებობს და არასწორია მხოლოდ ინფრასტრუქტურული რესურსის გათვალისწინება. 

"ინფრასტრუქტურას აქვს ერთი უნიკალური თვისება და ეს ჩვენ ბათუმისა და რუხის რესპუბლიკური საავადმყფოოების მომზადების მაგალითზე ვნახეთ. გარკვეული თანხების ოპტიმიზაციითა და შემდეგ მათი სწორი დახარჯვით, შესაძლოა, უმოკლეს ვადაში გამართო ისეთი საავადმყოფო, როგორიც ეს ორია,"- ამბობს ტიკარაძე. 

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი საწოლ-ფონდია, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტია, თუმცა ამის მიუხედავად, ადამიანური რესურსის სიმწირე ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი რისკია და ხარვეზია. 

"აქ გვაქვს ძალიან დიდი დრამა და ხარვეზი, რაც არის მოცემულობა და ფაქტი, რასაც ჩვენ ვერანაირი თანხების ოპტიმიზაციით ვერ შევცვლით, ვინაიდან ამას სჭირდება წლები,"- ამბობს ტიკარაძე. 

მინისტრის თქმით, საქართველოში 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველო დაიცავს რომელიმე ევროპული ქვეყნის სტანდარტს, ამ რეანიმატოლოგებს თავიანთი ადამიანური რესურსის გადანაწილება მხოლოდ 1 200 პაციენტზე შეუძლიათ. 

"ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა Covid-ინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელსაც ასევე ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა. 

არც ინფექციონისტების რიცხვის რაოდენობით არ ვართ ჩვენ განებივრებულები და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.

როდესაც ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გადადგა მკაცრი ნაბიჯები, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას,"- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. 

21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ამასთან ამოქმედებულია ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია გადაადგილება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

14 აპრილს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 15 აპრილს საღამოს 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღით აიკრძალება შესვლა და გამოსვლა. ამასთან, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა. 

სრული საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული მარნეულის, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქობულეთის სამ სოფელში. 

კომენტარები