კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: გარდაცვლილი 68 წლის კაცია ბოლნისის კლასტერიდან, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ 22 აპრილს გარდაცვლილი მე-5 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში აპარატულ სუნთქვაზე 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. 

ტურძელაძის თქმით, 68 წლის კაცი ბოლნისის კლასტერიდან იყო და ის კრიტიკულ, ტერმინალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც გადავიყვანეთ აპარატზე. პაციენტს მიოკარდიუმისა და გულის უკმარისობის გამო აღენიშნებოდა გართულებები. სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი განვითარდა სეპტიური შოკით და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია,"- თქვა ტურძელაძემ. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. 

მეორე პაციენტი, 81 წლის ქალი, 5 აპრილს გარდაიცვალა. ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს. 

მესამე პაციენტი, 86 წლის ქალი, 7 აპრილს გარდაიცვალა. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაში მკურნალობდა. 

18 აპრილს ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან მე-4 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წელს გადაცილებული ქალი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა. ის კლინიკა მედალფაში 8 აპრილს შეიყვანეს, 13 აპრილიდან კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

კომენტარები