კორონავირუსი აშშ-ში

თეთრი სახლის თანამშრომლებს პირბადეების ტარება დაევალათ

დონალდ ტრამპი
Metro

კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, თეთრი სახლის თანამშრომლებს პირბადეების ტარება დაევალათ.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ თანამშრომლებს პირბადე უნდა ეკეთოთ ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკუთარ სამუშაო მაგიდასთან, კოლეგებისგან უსაფრთხო დისტანციაზე არიან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ მითითების გაცემა მან მოითხოვა. მიუხედავად ამისა, თავად ტრამპი კვლავ უარს ამბობს პირბადის გაკეთებაზე. მან პრესკონფერენციაც პირბადის გარეშე გამართა. ტრამპის ირწმუნება, რომ სახის დაფარვა არ სჭირდება, რადგან ყველასგან მოშორებით დგას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობაში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური ჯგუფის 3 წევრი, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მათ კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჰანს კონტაქტი ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანთან, რომელსაც 8 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქეით მილერის მეუღლე სტივენ მილერი დონალდ ტრამპის მრჩეველია.

7 მაისს კი კორონავირუსი დაუდასტურდა დონალდ ტრამპის კამერდინერს.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსი სულ 1,385,834 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 81,795, გამოჯანმრთელდა 262,225 ადამიანი.

კომენტარები