კორონავირუსი აშშ-ში

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, COVID-19-ზე აიცრან

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, Covid-19-ზე აიცრან. სატელევიზიო ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ვაქცინა "მუშაობს" და ის უსაფრთხოა.​

"[ვაქცინას] რეკომენდაციას ვუწევ. ბევრ ადამიანს, რომელსაც არ უნდა აცრის გაკეთება და რომელთაგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრმა მე მომცა ხმა, ვურჩევ ვაქცინას. ძალიან კარგი ვაქცინაა, უსაფრთხო ვაქცინაა, მუშაობს". – თქვა დონალდ ტრამპმა.

თავად დონალდ ტრამპი და მისი ცოლი მელანია იანვარში აიცრნენ.

ტრამპის მოწოდებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკმაყოფილება გამოთქვა აცრის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებებთან დაკავშირებით.

"თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვალ გაიღვიძებს და მოინდომებს, რომ უფრო ღიად ილაპარაკოს ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე, ნამდვილად დავუჭერთ ამას მხარს... ყველა სხვა ყოფილმა პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საჯარო კამპანიაში. მათ მოსაწვევი არ დასჭირვებიათ". – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

აშშ-ში ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანაში გამოყენებისთვის სამი ვაქცინაა დამტკიცებული, Pfizer-BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson&Johnson-ის. ამ დროისთვის ვაქცინის ერთი დოზა აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 22%-მა მიიღო, ხოლო სრულად აცრილი დაახლოებით 12%-ია.

პანდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში კორონავირუსის 30 231 550 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 549 367 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 22 358 469.

კომენტარები