გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

პრეზიდენტი გაბუნიას შესახებ განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს

0 კომენტარი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. თუმცა, ზურაბიშვილს თავის განცხადებაში რუსეთი არ უხსენებია. 

"ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით". – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე. 

ზურაბიშვილის თქმით, ის, როგორც "პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი", მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც "დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით შეძლო ადამიანის ხელყოფის მცდელობის აღკვეთა". 

"ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული". – წერს პრეზიდენტი. 

ზურაბიშვილის განცხადებით, დესტაბილიზაციის ნაცვლად საქართველომ "კიდევ ერთხელ დაამტკიცა", რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები და რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე. 

"მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა". – დაწერა ზურაბიშვილმა. 

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები