ჰონგ-კონგი

უშიშროების ახალი კანონის გამო TikTok-ი ჰონგ-კონგს ტოვებს

GETTY IMAGES

ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონის მიღების გამო TikTok-ი ჰონგ-კონგს დატოვებს. 

“უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ჰონგ-კონგში TikTok-ის აპლიკაციის მუშაობა შეგვეჩერებინა”. – უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა BBC-ს.

უშიშროების კანონის მიღების გამო სხვა სოცმედია კომპანიებმა ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობა შეაჩერეს.

პოპულარული აპლიკაცია TikTok-ი ჩინურმა კომპანია ByteDance-მა შექმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებისთვის. TikTok-ი არის ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგი. ეს ერთი და იგივე აპლიკაციაა, რომლებიც სხვადასხვა სერვერზეა განთავსებული, რათა აპლიკაციის ჩინური ვერსია ჩინეთის რეგულაციებს შეესაბამებოდეს.

TikTok-ის წარმომადგენლების განცხადებით, ის ByteDance-ისგან დამოუკიდებლად მუშაობს და არ დაემორჩლება ჩინეთის თხოვნას, გადასცეს მას მომხმარებლების პირადი მონაცემები, ან ცენზურა დაადოს აპლიკაციაში განთავსებულ ვიდეოებს. კომპანიის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნა ჩინეთის ხელისუფლებისგან არც მიუღია. TikTok-ის ხელმძღვანელის, კევინ მეიერის თქმით, აპლიკაციის მომხმარებელთა ინფორმაცია ჩინეთის სერვერებზე არ არის შენახული. მაგალითისთვის, აშშ-ში მცხოვრები TikTok-ის მომხმარებლების ინფორმაცია აშშ-ში არსებულ სერვერებზე ინახება.  

უშიშროების კანონის მიღება ამცირებს ჰონგ-კონგის ავტონომიურობას. კანონმდებლობის ცვლილების პირობებში TikTok-ს გაუჭირდება, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში არ ითანამშრომლოს ჩინეთის მთავრობასთან.

TikTok-ი არაერთხელ დაადანაშაულეს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპარვასა და გავრცელებაში. 

ორშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ განიხილავდა TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას.

გასულ თვეს ინდოეთმა TikTok-ი და კიდევ 58 ჩინური აპლიკაცია აკრძალა.

კომენტარები