გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბორცვაძე: იაკობ ბრეგვაძე პოლიციამ მაშინ იპოვა, როცა 112-ის შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო

იაკობ ბრეგვაძე

შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე მას შემდეგ იპოვა, რაც შსს-ში შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო. ბრეგვაძე შემთხვევის ადგილიდან თბილისში სწორედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამოიყვანა.

დღესვე უწყებამ გამოაქვეყნა 18 ივნისის ღამეს 112-ში შესული ზარის აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ იაკობ ბრეგვაძე ინციდენტის დროს პოლიციას იძახებს, მოგვიანებით კი ზარს აუქმებს და ეუბნება, რომ მათ მოსვლას აზრი აღარ აქვს, რადგან უკვე ყველაფერი დამთავრდა.

იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. მან ჩვენება ორჯერ მისცა. მათი შინაარსი ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება.

რადიო თავისუფლებამ საქმის მასალების 10 ტომი შეისწავლა.

თავისუფლების მიხედვით, პირველი ჩვენებისას ის ამბობს, რომ გაქცევისას მან 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია ადგილზე ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა, მან საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, კონფლიქტი დამთავრებული იყო და რადგან პოლიცია თბილისისკენ მოდიოდა, მათ გამოჰყვა.

მეორე ჩვენების თანახმად კი, რომელიც მან გამოძიებას 21 ივნისს მისცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ პატრული გამოიძახა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო და აღარ საჭიროებდა დახმარებას. თუმცა, ამავე ჩვენების თანახმად, ადგილზე მაინც მივიდა პოლიცია: „დავრეკე 112-ში, ვუთხარი აღნიშნულის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე მოვიდა "შკოდის" მარკის ავტომანქანით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვთხოვე თუ შეეძლოთ თბილისში წაყვანა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟმა წამომიყვანა თბილისში“.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ჩვენებებში არის გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა, ყოველივე საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი და შეფასდეს.

"თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, მისცა არასწორი ჩვენება, ამაზე ვიმსჯელებთ. მაგრამ, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და გარემოებებს აღიქვამს ინდივიდუალურად. ამიტომ გასამიჯნია, იყო ეს შეგნებული, გამოძიების ხელის შეშლის მიზნით, თუ – არა. ამას სჭირდება შესწავლა". – თქვა ბორცვაძემ.

რაც შეეხება იმ ბუჩქნარის დაწვას, სადაც საქმის კიდევ ერთი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი, გური ამირხანაშვილი იმალებოდა, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ცალკეც მიმდინარეობს.

"იმის გასაგებად, განზრახ არის გაჩენილი, თუ გარკვეულ გაუგებრობას აქვს ადგილი, ხანძართან დაკავშირებით ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი მოქმედებები, ხანძართან დაკავშირებით ცალკე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ მის შედეგებს". – თქვა მან.

გიორგი შაქარაშვილის საქმე - პროკურატურის ვერსია

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა.

პროკურატირის ოფიციალური ვერსია ასეთია: 18 ივნისს 23:00 საათზე მცხეთაში, საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაცვლილი წვეულებაზე იმყოფებოდა, სამმა პირმა, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

დაპირისპირების შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გ.მ-მ ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად მოწინააღმდეგეებზე შურისძიების მიზნით დამატებითი პირების მობილიზება გადაწყვიტეს. ვ.ჩ. და გ.ტ. თანმხლებებთან ერთად თავიანთი მანქანებით თბილისში წავიდნენ, გ.მ. და ლ.შ. კი ადგილზე დარჩნენ და მათ ინფორმაციას აწოდებდნენ, თუ სად იყვნენ შაქარაშვილი და მისი მეგობრები.

"თავის მხრივ ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ. ავტომობილში - თავად გ.ტ. ნ.ც. ნ.ქ. თ.ბ. ი.მ. და ნ.ჟ. რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით. აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ., რომლებიც, თავის მხრივ, აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, 00:45 საათზე, გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც. გ.ტ. ნ.ქ. თ.ბ. ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ. რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

პროკურატურის ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები წავიდნენ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ და ნაცემ მეგობარს, გ.ქ-ს დაეხმარნენ. ისინი თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ. ამ დროს, დაახლოებით, 00:50 საათზე, მათ თავს მეორედ დაესხნენ.

"ვ.ჩ. ვ.მ. ა.ქ. ზ.ხ. ა.გ. და ნ.რ. რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა. ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ მიმალულების ძებნა დაიწყეს და ბუჩქებში დამალული გ.ა. იპოვეს, ის ძალით ჩასვეს მანქანაში, თბილისში წაიყვანეს, სადაც ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურთან ჩამოსვეს.

"მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ. ლ.შ. ნ.ც. გ.ტ. ნ.ქ. თ.ბ. ი.მ. ვ.ჩ. ვ.მ. ა.ქ. ზ.ხ. ა.გ. ნ.რ. და ნ.ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები", - წერია განცხადებაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

კომენტარები