აია-სოფია

რომის პაპი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებაზე: ძალიან დამწუხრებული ვარ

რომის პაპი აია-სოფიაში. 2014 წელი.
Picture Alliance/DPA

რომის პაპი ფრანცისკე აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"მე აია-სოფიაზე ვფიქრობ და ძალიან დამწუხრებული ვარ," - თქვა რომის პაპმა.

აია-სოფიაში მუსლიმური ლოცვა 24 ივლისიდან დაიწყება. ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი მიიღო.

ამავე დღეს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

"შესაბამისად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული საკუთრების გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას შეცვლის. ნებისმიერი ცვლილებისათვის აუცილებელია, ქვეყანამ წინასწარ აცნობოს UNESCO-ს და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეისწავლოს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

"მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რაც ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე მოახდენს გავლენას". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აია-სოფის მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.

აია-სოფიას ისტორიის და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები