ტურიზმი

ზალკალიანი საბერძნეთში ელჩზე: ამჟამად შვებულებაშია, დაბრუნებისთანავე იქნება კომუნიკაცია

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩმა საბერძნეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში მოლაპარაკებებისას თქვა, რომ ევროკავშირის შიდა დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი იყოსო, არის აბსოლუტური სიცრუე. მინისტრის თქმით, ელჩი ამჟამად შვებულებაშია და როგორც კი დაბრუნდება, მასთან იქნება კომუნიკაცია.

"ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ხშირად, სამწუხაროდ, ოპოზიცია და ოპონენტები ცდილობენ, რომ ჩვენი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხი შემოიტანონ პოლიტიკურ კონტექსტში და წინასაარჩევნო გარემოში. 

მესმის, რომ ოპოზიციის გარკვეულ პირებს ახლა აქვთ დავალება, რომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და მუდმივად იყოს ამ თემით აპელირება, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ეფექტური თანამშრომლობა ყველა ევროკავშირის ქვეყანასთან, მათ შორის საბერძნეთთანაც. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, მუდმივად ვაწოდებთ ინფორმაციას ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

ევროკავშირის დოკუმენტები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია. მათ შესახებ ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას არამხოლოდ საბერძნეთისგან, არამედ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისგან, და ასევე ბრიუსელიდან, სადაც ხდება ხოლმე სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება.

მუდმივად გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია. ახალი და გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ელჩი ხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა წარმომადგენლებს.

​საბერძნეთის ელჩის პოზიციაც გასაგებია, რადგან ის, რა თქმა უნდა, საბერძნეთს წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მას სურს, რომ ამ ქვეყნებს შორის არსებობდეს ის რეჟიმი, რა რეჟიმიც არსებობს სხვა ქვეყნებთან.

​ელჩი ამჟამად შვებულებაში იმყოფება, როგორც კი დაბრუნდება, მასთან იქნება კომუნიკაცია და ის მიიღებს შესაბამის განმარტებებს. მანამდე, საელჩოსთანაც იქნება და უკვე არის ეს კომუნიკაცია. არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩვენთვის მთავარია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ჩვენი და მათი მოქალაქეების უსაფრთხოება". – ამბობს დავით ზალკალიანი.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც, კანდელაკის ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი იყოსო. 

კანდელაკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბერძნეთის მხარემ საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა და წარმოადგინა ევროკავშირის შიდა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში საბერძნეთის მთავრობა აქტიურობდა. 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ელჩმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა. კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი.  

პირველ აგვისტოს, რუსთავი ორთან ინტერვიუში საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვთ, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესაყვანად. 

კომენტარები