არჩევნები 2020

უგულავა: იმედია, ჯაფარიძე იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელიც ვოლსკის დაამარცხებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მათი პარტია - ევროპული საქართველო დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს. მისი თქმით, მათი პარტიისთვის ჯაფარიძის გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარად, საინტერესოა. 

უგულავა იმედს გამოთქვამს, რომ ჯაფარიძეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ მხარს.

"ქართულმა ოცნებამ დიდუბე-ჩუღურეთს ცეკას ინსტრუქტორი, გია ვოლსკი აკადრა და სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენ ოპოზიციამ, გაერთიანებული ძალებით მას დავუპირისპიროთ ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გირჩს წარმოადგენს, როგორც ალტერნატივა ყველანაირი საბჭოურის და საბჭოური მენტალიტეტის და საბჭოთა კავშირში ჩარჩენილობის. ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ეს წინადადება საინტერესოა და ჩვენ მსჯელობის შემდეგ ვაცხადებთ, რომ მას ამ რაიონში დავუჭერთ მხარს. საბოლოო გადაწყვეტილება სხვა პარტიების, ბუნებრივია, კონსულტაციების შედეგად იქნება, ვფიქრობ, კვირის ბოლოსთვის შევიკრიბებით, ყველა იმსჯელებს და მე იმედი მაქვს, ზურაბ ჯაფარიძე იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელიც გია ვოლსკის დაამარცხებს დიდუბე-ჩუღურეთში". - ამბობს გიგი უგულავა. 

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატობაზე ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დაწერა. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც, დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ეს კეთილგანწყობა "გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

კომენტარები