ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ნავალნის გუნდი: ნოვიჩოკი ტომსკის სასტუმროს ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ნავალნის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ 20 აგვისტოს მისი გუნდის წევრები სასტუმროს ოთახს ჩხრეკენ მას შემდეგ, რაც ნავალნი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა ყველაფერი, რაც ჰიპოთეტურად გამოსადეგი იქნებოდა და გერმანელი ექიმებისთვის გადაგვეცა. ცხადი იყო, რომ ამ საქმეს რუსეთში არ გამოიძიებდნენ". - ნათქვამია განცხადებაში.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

რა არის ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები