საქართველო - აზერბაიჯანი

ალიევი: საქართველოს არ დაუშვია საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს არ დაუშვია საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება. ალიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს სახით აზერბაიჯანს სანდო პარტნიორი და მეგობარი ჰყავს და რომ ორი სახელმწიფოს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდებოდა.

"უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვაფასებ ამ მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არ უშვებდა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის მიწოდებას. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში იარაღი ჩააქვთ კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიის გავლით და საჰაერო გზით. საქართველო მოიქცა, როგორც სანდო პარტნიორი. ამისთვის მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობისადმი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ სანდო პარტნიორსა და მეგობარს. სამთავრობათაშორისო კავშირები ყოველდღიურად ძლიერდება. ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უახლოეს მომავალში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. ახალ მზადდება ვიზიტის პროგრამა. არსებობს ბევრი კითხვა. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორია, ასევე საერთო ინტერესები. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირები და  თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობა ახლო კონტაქტშია ერთმანეთთან და ეს გაგრძელდება". – თქვა ილჰამ ალიევმა ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ სომხეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა და არაერთხელ დაეხმარა საჭიროების დროს. ილჰამ ალიევმა საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური სომეხი მოსახლეობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების მცდელობებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას სეპარატისტული განწყობები აქვს.

ილჰამ ალიევის განცხადება, რომ საქართველოს არ გაუტარებია თავის ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღი, უკავშირდება ივლისში აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილებს. 19 ივლისს Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომლის თანახმადაც, სომხეთს ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები სერბეთმა საქართველოს დახმარებით მიაწოდა. პროსახელისუფლო მედია წერდა, რომ როგორც მისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს. 

მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის ცნობით, აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელიც უამრავ უზუსტობას შეიცავს, Haqqin-მა მეორე სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა. წერილში გამოცემამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნშნა, რომ მათთვის სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, Haqqin-ი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციასა და ფოტოსურათებს.

საქართველოს პრემიერმინისტრამ გიორგი გახარიამ Haqqin-ის გამოქვეყნებული წერილები შეაფასა, როგორც მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. გახარიას შეფასებით, ეს ინფორმაცია მაშინ იქნება საყურადღებო, როდესაც ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი გახდება. – "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები