პალესტინა

პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი განაცხადა

რიად ალ-მალიქი
Reuters

პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება დაკავშირებულია არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმებასთან. პალესტინამ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ნებისმიერ არაბულ შეთანხმებას უღირსი უწოდა.

პალესტინა არაბული ლიგის შეხვედრებს მომავალი ექვსი თვის მანძილზე უნდა გაძღოლოდა, თუმცა რამალაში გამართულ პრესკონფერენციაზე პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა რომ პალესტინა პოსტზე უარს ამბობდა.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც არაბულმა ლიგის სამდივნომ მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს, რომელთა მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება არაბული მშვიდობის ინიციატივის დარღვევაა". – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალიქმა პრესკონფერენციაზე.

მინისტრის თქმით,  არაბული ლიგის გენერალური მდივანი, აჰმედ აბდულ ღეიტი პალესტინის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია.

წარუმატებლად დასრულდა პალესტინის მცდელობა, დაერწმუნებინა არაბული ლიგა, დაეგმო არაბული ქვეყნების მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის დაწყება.

პალესტინისთვის პოზიციიდან არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ვაშინგტონში გაფორმებული შეთანხმება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიზნებს ზიანს აყენებს.

ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შეთანხმებებს ხელი 15 სექტემბერს მოაწერეს. არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ, მესამე და მეოთხე არაბული ქვეყნები გახდნენ, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას დათანხმდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, მარკ მედოუსმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ქვეყანა სერიოზულად განიხილავს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხს.​ მედოუსს ამ ხუთი ქვეყნიდან არცერთი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ მათგან სამი რეგიონის ქვეყანაა. 

სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი ომანი უნდა იყოს, რადგან ომანის ელჩი 15 აგვისტოს თეთრ სახლში მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა.

კომენტარები