ევროკავშირი

ბელარუსმა ევროპელ მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციები დაუწესა

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

ბელარუსმა ევროპელ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ეს ნაბიჯი პასუხია ევროკავშირის მიერ ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებზე.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამკვიდრებული დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად, არ გაასაჯაროებენ სიას იმ პირებისა, ვისაც სანქციები შეეხება.

"ბელარუსი ყოველთვის საქმითა და სიტყვით კონფრონტაციის წინააღმდეგია. ჩვენ დიალოგის და ურთიერთგაგების მომხრე ვართ. თუმცა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, მტკიცედ, მაგრამ სინანულით ვუპასუხებთ საერთაშორისო ქმედებებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად". -  ამბობს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება ევროპელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდგომმა გამწვავება შეიძლება უფრო სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს.

ევროკავშირის მიერ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები 2 ოქტომბრიდან ამოქმედდება. სანქციები შეეხება 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხება ალექსანდრ ლუკაშენკოს.

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

 

კომენტარები