Quad

პომპეო იაპონიაში მოკავშირე Quad-ის ჯგუფის წევრების მინისტრებს შეხვდა

Shutterstock

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, 6 ოქტომბერს ტოკიოს ეწვია. ტოკიოში ერთდღიანი ვიზიტი მოიცავს ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის, იგივე ქუადის (Quad) ჯგუფის წევრი ქვეყნების, აშშ-ს, ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას. 

მისი ვიზიტის მიზანია აზიაში აშშ-ს მოკავშირეებთან, კერძოდ, იაპონიის, ავსტრალიის, ინდოეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა რეგიონში ჩინეთის მზრდადი და სახიფათო გავლენის წინააღმდეგ თანამოზიარე ქვეყნები შემოიკრიბოს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეომ და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერის პეკინმა განიხილეს ჩინეთის რეგიონალური, "საზიანო ქმედებები". 

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, განიხილეს მათი გაზიარებული შეშფოთება, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეგიონში საზიანო ქმედებებს ეხება". –ვკითხულობთ განცხადებაში.

პეინის პრესსამსახურის განცხადებით, აშშ-სა და ავსტრალიის "საერთო ღირებულებები და ინტერესები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიზიარებთ ხედვას თავისუფალი, ღია და წარმატებული ინდო-წყნარი ოკეანეთის შესახებ". პეინის განცხადებაში ჩინეთი ნახსენები არ არის. 

პომეპომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თქვა, რომ იაპონიის ახალი პრემიერმინისტრი, იოშიჰიდე სუგა გააძლიერებს ვაშინგტონსა და ტოკიოს შორის ურთიერთობას. 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იაპონიამ აშშ-ს მხარეს უთხრა, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში კავშირის გაღრმავება სურს. 

აშშ-ს მხარის განცხადებით, ამერიკა ქუადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ძალიან აფასებს, როგორც ჩინეთის წინააღმდეგ რეგიონულ მოკავშირეებთან სოლიდარობის გაძლიერების პლატფორმას. 

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი განცხადებები, მნიშვნელოვანი მიღწევები". –აღნიშნა პომპეომ ჟურნალისტებთან, ტოკიოში გაფრენამდე. 

აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მიმართული არ არის. თუმცა, პეკინს გაფრთხილებას გაუგზავნის, რომ ქუადის ჯგუფის ქვეყნებმა მომავალში, შესაძლოა, ჩამოაყალიბონ NATO-ს მსგავსი გაერთიანება. 

ჩინეთი ქუადის ჯგუფს ბრალს სდებს, რომ მისი განვითარების შეფერხება სურს. 

ეს 2019 წლის ივლისის შემდეგ პომპეოს პირველი ტურია აღმოსავლეთ აზიაში, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია. 

ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ასევე, ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმო-ში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია. მალევე ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონების მიღების შემდეგ 9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

ცოტა ხნის წინ ჩინეთში ავსტრალიელი ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, ორმა ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ჩინეთი დატოვა, ქვეყნის დატოვებამდე ისინი პოლიციამ დაკითხა.

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-ით შემცირდა.

რაც შეეხება იაპონიას, აპრილში გავრცელდა ცნობები, რომ იაპონია 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს გამოყოფს, რათა იაპონურ კომპანიებს წარმოების გადატანაში დაეხმაროს ჩინეთიდან იაპონიაში ან სხვა ქვეყნებში. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თებერვალში ჩინეთიდან იმპორტი თითქმის განახევრდა. ამის შემდეგ კი კვლავ წამოიჭრა საკითხი, რომ იაპონურ კომპანიებს, წარმოების მხრივ, ჩინეთზე დამოკიდებულება შეემცირებინათ.

ამასთან ერთად, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში იაპონიასა და ჩინეთს შორის ტერიტორიული დავები წლებია მიმდინარეობს. გასულ წელს ჩინეთის საპატრულო გემები რამდენჯერმე იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. 2019 წლის ივნისში იაპონიამ სენკაუს კუნძულებთან ჩინეთის კვლევით გემთან საეჭვო სამხედრო აქტივობა შენიშნა.

კომენტარები