ყირგიზეთი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პრეზიდენტის ოფისის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კომენდანტის საათსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს, ძალაში შევა 9 ოქტომბერს 19:00 საათიდან და 21 ოქტომბრის 8:00 საათამდე გაგრძელდება.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ჯარისთვის სამხედრო ტექნიკის გამოყენების, გამშვები პუნქტების მოწყობისა და შეიარაღებული დაპირისპირებების აღკვეთის განკარგულება გაიცა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და სამთავრობო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება.

"მას შემდეგ, რაც ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლება დამტკიცდება და დავუბრუნდებით კანონიერების გზას, მზად ვარ, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დავტოვო" - თქვა ჟეენბეკოვმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, მთავრობის კაბინეტის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ ვინ გაუძღვება დროებით მთავრობას.

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები მას შემდეგ გააუქმარაც არჩევნებს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.

6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი", რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული.

დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერმინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

6 ოქტომბრის დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყირგიზეთის მთავრობის შენობა.

უკანასკნელი მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი.

პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "ატა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა, ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნება ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერმინისტრი. ამავე დროს მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ ყირგიზეთის სამ ოლქში.

ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დააპატიმრებს.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის პარტია ერთობამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით, ის მზადაა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარები