ტერორისტული აქტი ზუგდიდში

შსს: ესებუას ფოტოები იმიტომ არ გავავრცელეთ, რომ ის კიდევ უფრო ლატენტური არ გამხდარიყო

ვლადიმირ ბორცვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ უწყებამ პირველივე დღიდანვე იცოდა, ვინ იყო თავდამსხმელი, ვინც საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

შსს-ს მაღალჩინოსნის თქმით, უწყება ბადრი ესებუას ვინაობისა და ფოტოების გავრცელებისგან იმის გამო იკავებდა თავს, რომ ეჭვმიტანილისთვის ეს გზავნილი არ ყოფილიყო, რომ უფრო მეტად "ლატენტური" გამხდარიყო. 

"ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება.

შესაბამისად, ჩვენ მიერ ამ ფოტოების საჯაროდ მედიის საშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა, შესაბამისად, ჩვენ მედია საშუალებებს მოვუწოდეთ, რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მიიღებდნენ ამ მონაცემებს". – თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

შს მინისტრის მოადგილემ მთავარ არხზეც ისაუბრა, რომელმაც გუშინ, 25 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომ ყაჩაღი მოქმედი სამხედრო, ბადრი ესებუა იყო. ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ინფორმაციის გავრცელებამ გამოძიების პროცესს ხელი შეუშალა. მანამ, სანამ მთავარი არხი სავარაუდო ყაჩაღის ვინაობაზე ისაუბრებდა, შსს-მ თავად გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო. 

"სამწუხაროდ, გარკვეული მედიის წარმომადგენლებმა ჩვენს მოწოდებას ყურადღება არ მაიქციეს და უპასუხისმგებლოდ, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის ეჭვმიტანილი პირის მონაცემები, რაც ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისე საპოლიციო ღონისძიებებს". – თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს საღამოს ზუგდიდში მდებარე ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც ვლადიმერ ბორცვაძემ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ საქართველოს ბანკზე თავდასხმაში იდენტიფიცირებული ბადრი ესებუაა. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მძევლები ყვებიან, რომ დამნაშავე "კბილებამდე შეიარაღებული" იყო. მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა, რომელიც მძევალს ჩაენაცვლა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

კომენტარები