არჩევნები 2020

ვოლსკი ოპოზიციაზე: ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები

ტაბულა

"ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები" – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ პაქტის დადებას. 

ლეიბორისტული პარტიების ოფისის მაგიდის ირგვლივ შეკრებილმა პარტიებმა დღეს ხელმოწერით გააფორმეს პაქტი, რომლის მიხედვითაც, არცერთ შემთხვევაში ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნიან. 

"ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან არათუ კოალიციის შექმნა შეიძლება, არამედ მათი ერთობლივი კოალიციაც დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ოცნება, ჰიპოტეთურად რომ ვთქვათ, არ იქნება პოლიტიკურ ველზე". – თქვა გია ვოლსკიმ. 

პაქტში, რომელსაც ათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი, წერია: 

"ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არცერთ მოცემულობაში არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები