განათლების რეფორმის ხუთი წელი

 2006 წელი. საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო აღიარების განათლების ორი ექსპერტი. სერ მაიკლ ბარბერი ტონი ბლერის მთავარი მრჩეველი იყო წლების განმავლობაში. დევიდ ჰოპკინსი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს მთავარი მრჩეველი იყო წლების განმავლობაში - საგანმანათლებლო სტანდარტების განხრით. ორივე მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია განათლების სფეროში. ბრიტანელები საქართველოს განათლების რეფორმას ეცნობიან. გამგზავრების შემდეგ ისინი თავიანთ შეფასებას გვთავაზობენ: „უკანასკნელი წლების განმავლობაში შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის განათლების რეფორმა, მაგრამ იშვიათად, რომ სადმე გვენახოს ამდენად მწყობრი და დასაბუთებული რეფორმა”.

მედიისა და პოლიტიკოსების წყალობით, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს განათლების რეფორმა იმისთვის დაიწყო, რომ რომელიმე ნაწარმოები პროგრამიდან ამოეღოთ, რაღაც ახალი საგნების სწავლება დაწყებულიყო, სკოლებში წესრიგი დამყარებულიყო ან მოსწავლეებისთვის ცხოვრება გაერთულებინათ. სინამდვილეში, რეფორმის მიზნებიცა და განხორციელებაც გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 2004-2009 წლებში განათლების რეფორმა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით მიმდინარეობდა: ზოგადი განათლება ანუ სკოლები, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და სკოლამდელი განათლების რეფორმა. ამავდროულად, რეფორმა გატარდა მეცნიერების კუთხითაც, რაც უმაღლესი განათლების სფეროს რეფორმას მჭიდროდ უკავშირდება. ამ სტატიაში ზოგადი განათლების სფეროს რეფორმაზე ვისაუბრებ. ეს პერიოდი სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ამ წლების განმავლობაში კონცეპტუალური, ტექნიკური და პოლიტიკური მიდგომები ერთმანეთს ემთხვეოდა და, შესაბამისად, უფრო ცხადი იყო, თუ საით მიდიოდა ჩვენი სისტემა. მრავალი რამ, რაც ამ წლებში დაინერგა, დღეს ან პოლიტიკური რიტორიკის დონეზეა უარყოფილი, ან - პრაქტიკის. ასევე გაურკვეველია, რამდენად პრიორიტეტულია იმავე პრინციპების დანერგვა, რომლებიც თავდაპირველად შეირჩა. პრიორიტეტები კი რეფორმის დაწყებისთანავე განისაზღვრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტით, რომლის შექმნაშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადი განათლების სფეროს მიზანია, შექმნას პირობები იმისთვის, რომ ყველა სკოლადამთავრებულს შეეძლოს სახელმწიფო და სხვა ენებზე კომუნიკაცია, ბუნებრივ, სოციალურ და ინფორმაციულ გარემოსთან ეფექტური ურთიერთობა, შეეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, იყოს ტოლერანტი და კანონმორჩილი, შეეძლოს საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ სასიკეთოდ მოქმედება, შეეძლოს თავისი შესაძლებლობების მუდმივად განვითარება.

ზოგადი განათლების სფეროში ცვლილებები შეეხო ყველაფერს, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ცვლილებები შეგვიძლია სამ დიდ ჯგუფად განვიხილოთ: ცვლილებები ზოგადი განათლების სისტემის მართვაში, შინაარსსა და სწავლების მეთოდებში და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებში. ცვლილებები კი მოხდა პრინციპების, მოდელებისა და პრაქტიკის დონეზე.

განათლების რეფორმის მთავარი მიდგომა იყო განათლების სისტემისთვის შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შექმნა. შეიცვალა მშობლისა და მოსწავლის, სკოლის პერსონალისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სქემა. სახელმწიფომ შეწყვიტა სკოლების დაფინანსება და გადავიდა მოსწავლის დაფინანსებაზე. მშობელს უბრუნდება მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ის კი ამ ფულით მისთვის მისაღებ სერვისს ყიდულობს სკოლისგან. მას აქვს თავისუფალი არჩევანი, საგანმანათლებლო მომსახურება კერძო ან სახელმწიფო სკოლისგან შეიძინოს. იმისთვის, რომ მშობელი ამ ფინანსების განკარგვაში მონაწილეობდეს, ის სამეურვეო საბჭოს წევრი ხდება. სამეურვეო საბჭოს, მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლის მონაწილეობით, შესაძლებლობა აქვს, სასკოლო ბიუჯეტი დაგეგმოს და გააკონტროლოს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გახდა ისიც, რომ სკოლის დირექტორი, უპირველესად, სწორედ იმ მშობლების წინაშე ყოფილიყო ანგარიშვალდებული, რომლებიც საკუთარ შვილებსა და მათთვის გამოყოფილ სახელმწიფო სახსრებს კონკრეტულ სკოლას ანდობდნენ. ამიტომაც სკოლის დირექტორის არჩევა და დათხოვნა სკოლის სამეურვეო საბჭოს პრეროგატივა გახდა.

სკოლის დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობის განხორციელებისთვის სახელმწიფომ ყველა საჯარო სკოლა დააფუძნა როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ დაწესებულებას გაუჩნდა დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში. ასევე დამოუკიდებელი გახდა სკოლა საკუთარი ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვასა და ფინანსების ხარჯვაში. ყველა სკოლას გადაეცა ქონება, რომლის განკარგვის უფლებაც მიიღეს. სკოლას გაუჩნდა უფლება, მიიღოს შემოწირულობები, ან, საგანმანათლებლო ფუნქციების უკეთ განხორციელებისთვის, საკუთარი ქონება გააქირაოს. რეფორმამდე სკოლების დიდი ნაწილი აფუძნებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშზეც აკუმულირდებოდა სკოლის შემოსავლები. ამ ანგარიშების მართვა გაუმჭვირვალე იყო და ხშირად სკოლების პერსონალის, ადმინისტრაციისა და მშობლების უკმაყოფილებასა და უნდობლობას იწვევდა.

მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით სკოლების დაფინანსების შემოღების შედეგად, სისტემა უფრო სამართლიანი გახდა. წინა სისტემაში სკოლის დაფინანსების ოდენობა ხშირად იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად კეთილგანწყობილი იყო ხელისუფლება სკოლის დირექციის მიმართ. იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტი აერთიანებდა მრავალ სოციალურ სფეროს, ისე, რომ ზოგადი განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები არც კი იყო განცალკევებული, 2005 წლამდე ფაქტობრივად შეუძლებელიც კი იყო იმის დადგენა, თუ რა თანხა იხარჯებოდა ქვეყნის მასშტაბით განათლების სფეროში. განათლების სფეროს დაგეგმვის პოტენციალი ქვეყნის მასშტაბითაც გაუმჯობესდა. რეფორმის შედეგად, დღეს მოქალაქეებსაც უკეთ შეგვიძლია იმის შესახებ ვიმსჯელოთ, თუ რამდენად იცვლება განათლების სფეროში არსებული სახელმწიფო დაფინანსების წილი და როგორ ნაწილდება ის სხვადასხვა პროგრამაზე. თუ აქამდე ამისთვის უნდა ჩაგვეხედა სამოცდაათამდე რაიონის ბიუჯეტში და გვემარჩიელა იმაზე, თუ რა წილი ეკავა სოციალური სფეროს დაფინანსებაში ზოგად განათლებას, დღეს საკმარისია ბიუჯეტის კანონში განათლების სფეროზე გამოყოფილი თანხების ამოკითხვა.

სისტემის მართვის გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო განათლების შინაარსის მართვის გადაცემა არაპოლიტიკური და ნაკლებად ბიუროკრატიული ინსტიტუციებისთვის. სახელმწიფომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შინაარსობრივი ფუნქციები ნახევრად დამოუკიდებელ სააგენტოებს გადაულოცა. რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. ამ ცენტრების თანამშრომლები საჯარო მოხელეები არ არიან. ისინი არიან თავიანთი სფეროების ექსპერტები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ მართვის, მაგრამ მეტად - შინაარსობრივ პრობლემებში გარკვევისა და დაგეგმვის უნარი. ამ ცენტრების დამოუკიდებლობა ერთგვარი გარანტია უნდა გამხდარიყო, რომ პოლიტიკური ცვლილებები ნაკლებად იმოქმედებდა განათლების შინაარსსა და გრძელვადიან პროექტებზე. თითოეული მნიშვნელოვანი ცვლილების დანერგვას განათლების სფეროში დაახლოებით ექვსი წელი სჭირდება. პოლიტიკური საარჩევნო ციკლები კი, სამწუხაროდ, უფრო მოკლე პერიოდებს ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ინსტიტუციები, რომლებიც თავისუფალი არიან პოლიტიკური კალენდრისგან და თავიანთ საქმიანობას კონცეპტუალური და ტექნიკური მიზნების გათვალსწინებით გეგმავენ და ახორციელებენ.

ზოგადი განათლების სისტემის მართვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლების ოპტიმიზაციის დაწყება. ჩვენი განათლების სისტემა თავის დროზე გათვლილი იყო გაცილებით მეტ მოსწავლეზე და ამ მოსწავლეების უფრო თანაბარ განაწილებაზე სოფელსა და ქალაქში. შობადობის კლებამ ოთხმოცდაათიან წლებში და მოსახლეობის მიგრაციამ ქალაქებსა და სხვა ქვეყნებში გამოიწვია უამრავი მცირეკონტინგენტიანი სკოლის არსებობა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საქართველოში არსებობდა მრავალი მცირე სკოლა, რომელიც მხოლოდ ოთხკლასიან განათლებას გულისხმობდა და რომელსაც ისეთივე ადმინისტრაცია ჰყავდა, როგორც სრული ზოგადი განათლების მიმწოდებელ სკოლას. სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად, ასეულობით სკოლა გაერთიანდა, რითაც ადმინისტრაციის ხარჯები შემცირდა. ასევე შემცირდა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დახარჯული თანხები. სკოლების ნაწილს ავტობუსები დაურიგდა მოსწავლეების სოფლებიდან ტრანსპორტირებისთვის.

სისტემის მართვისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლე გახდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა. ამ სისტემის მეშვეობით, სახელმწიფო აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას სკოლების საქმიანობის მიხედვით. მონაცემები გამოიყენება მართვის ინდიკატორების გამოსათვლელად, რომელიც საჭიროა სისტემის ეფექტიანობის შესახებ საბაზისო ცოდნის შესაქმნელად.

სკოლის დონეზე გადაწყვეტილებათა რაოდენობის ზრდა დღეს მიმდინარეობს ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც განათლების ხარისხსა და განათლების მართვის სისტემის ეფექტურობის ამაღლებაზე ზრუნავენ. ჩვენთან სკოლას, ფინანსური მხარის გარდა, შესაძლებლობა მიეცა, თვითონ მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პერსონალის შერჩევის, წახალისებისა და დასჯის მეთოდების შესახებ. სკოლებს ასევე მიეცათ უფლება, საკუთარი გადაწყვეტილებით და არა სახელმწიფო მოხელეებიის “დიდსულოვნების” შედეგად, თვითონ აერჩიათ, თუ რომელი მიმართულებით გააძლიერებდნენ სწავლების შინაარსს. ადრე თუ სახელმწიფო ადგენდა, რომელი იყო გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკური, უცხო ენების შემსწავლელი თუ სახელოვნებო სკოლა და ყველა ასეთ სკოლას სტანდარტულ საგნობრივ საათობრივ განაწილებას სთავაზობდა, რეფორმის საფუძველზე ეს უფლება და შესაძლებლობა ყველა სკოლას მიეცა. ამასთან, სახელმწიფომ აუკრძალა სკოლებს მოსწავლეების შერჩევა სპეციალური კრიტერიუმებით. მაგალითად, თუ ადრე მხოლოდ განსაკუთრებული ცოდნისა და ნიჭის მქონე (ხანდახან კი გავლენიანი მშობლების შვილებს) მოსწავლეებს ჰქონდათ უფლება, ესწავლათ ე.წ. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში, რეფორმის შედეგად, ეს უფლება ყველას მიეცა.

სასწავლო გეგმა 2005 წლამდე, ძირითადად, ორ საკითხს არეგულირებდა: საათების განაწილებას კვირების მიხედვით და თემებს, რომელიც გარკვეული თანმიმდევრობით „ისწავლებოდა”. სიტყვა „ისწავლებოდა” იმიტომ წერია ბრჭყალებში, რომ არავითარი განმარტება არ არსებობდა იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა „სწავლაში”. რეფორმის შედეგად, შემუშავდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც აღწერს იმ მიზნებს, შედეგებსა და საშუალებებს, რომლებიც სკოლებს უნდა ჰქონდეთ სწავლებისას. ძველი სასწავლო სისტემისგან ახალი სასწავლო გეგმა, ძირითადად, იმით განსხვავდება, რომ შედეგზეა ორიენტირებული და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებათა გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. ძველი სისტემა უფრო კონცენტრირებული იყო იმის რეგლამენტირებაზე, რასაც მასწავლებელი აკეთებდა, ანუ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი ის იყო, რომ ყველა მასწავლებელს აბსოლუტურად იდენტურად ესწავლებინა ყველა მოსწავლისთვის ყველა სკოლაში. ძველი საგანმანათლებლო კონცეფცია შექმნილი იყო იმ დროისთვის, როდესაც მასწავლებლების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა სუსტი იყო და სახელმწიფო მასწავლებელს მიზნების შერჩევისა და დიფერენცირების უფლებას არ აძლევდა. დადგენილი იყო, როდის რამდენი გაკვეთილი ტარდებოდა. გაკვეთილები წინასწარ ცენტრალიზებულად დადგენილი თემატური გეგმების მიხედვით ტარდებოდა. განსაზღვრული იყო საკონტროლო წერების, მოსწავლეების საკლასო ოთახში განლაგების, საკლასო ჟურნალის წარმოების, საგაკვეთილო ცხრილის შედგენის, დასვენებების განრიგისა და სხვა წესები. ასეთი ცენტრალიზებული მიდგომა არ ითვალისწინებდა იმ საჭიროებებს, რომლებიც სხვადასხვა ზომისა და გეოგრაფიული მდებარეობის სკოლებს აქვთ. ასევე არ ითვალისწინებდა ეს სასწავლო გეგმა სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სწორედ ამის გამო არა მხოლოდ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინტეგრაცია იყო შესაძლებელი, არამედ მასწავლებლების მიერ მოსწავლეების სოციალური პირობების, ინტერესების, ნიჭისა და მონდომების გათვალისწინებაც.

ეროვნულმა სასწავლო გეგმამ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოსწავლეების განტვირთვა საგნებით და მასწავლებლების დატვირთვა მოსწავლეებით. წლის განმავლობაში საგნების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მასწავლებლებს მოსწავლეების დატვირთვა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მაგალითად, თუ მასწავლებელი თითოეულ განაყოფს ასწავლიდა საგანს, რომელიც კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლება, სრული საშტატო განაკვეთის შევსების შემთხვევაში, მასწავლებელს 10 განაყოფისთვის უნდა ესწავლებინა. ეს კი 300 მოსწავლის სწავლებას ნიშნავს. ცნობილია, რომ თუ მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, მოსწავლეების სწავლის შედეგებიც უფრო ნაკლებია. მასწავლებელიც ცდილობს, თავი აარიდოს საკონტროლოებს, რადგან ამდენი ნაშრომის გასწორება შეუძლებელი ხდება. შეუძლებელი ხდება ზოგადად საწერი დავალებების მიცემაც. სწორედ ეს პრობლემა გადაჭრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების სქემამ, როდესაც თითოეული საგანი თითო ტრიმესტრის განმავლობაში, კვირაში, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ისწავლებოდა. ამ მიდგომამ და, მაგალითად, ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებულმა სწავლებამ ასევე შეამცირა კვირის განმავლობაში მოსწავლისთვის დასაძლევი საგნების რაოდენობაც. მაგალითად, 2006 წლამდე მე-10 კლასში მოსწავლე 18 (!) სხვადასხვა საგანს სწავლობდა ერთი კვირის განმავლობაში, რაც თავისთავად აბსურდულია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი ინიციატივა სერიოზულ გამოცდას გადიოდა. ახალი სასწავლო გეგმის გამოცდა საქართველოს ყველა რაიონის 100 სკოლაში მიმდინარეობდა. ჩატარდა მრავალი კვლევა, რომელმაც ახალი გეგმის დანერგვის მიმდინარეობა შეისწავლა.

ზოგადად ახალი სასწავლო გეგმა დაეფუძნა თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებს და ხორცი შეასხა ისეთ პრინციპებს, რომელთა შემოღებას მსოფლიოს მრავალი წამყვანი სპეციალისტი წლების განმავლობაში ცდილობს საკუთარ ქვეყანაში. 2004-09 წლებში სასწავლო გეგმის შედგენაში, ძირითადად, საექსპერტო წრეები, მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პოლიტიკოსების ჩარევა შინაარსისა და სწავლების მეთოდების განსაზღვრაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი.


ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან ერთად, სასკოლო განათლებას ერთი წელი დაემატა. ეს, თავისთავად, დადებითად მოქმედებს სკოლადამთავრებულთა მზაობაზე, აირჩიონ მომავალი ცხოვრების გზა. ასევე დადასტურებულია განათლების წლების რაოდენობისა და ეკონომიკური წარმატების კავშირი.

სახელმძღვანელოების შემუშავებისა და გრიფირების სისტემაც მთლიანად შეიცვალა. სახელმძღვანელოების შემუშავება სასწავლო გეგმის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ასევე მოიხსნა შეზღუდვები სახელმძღვანელოთა რაოდენობასთან დაკავშირებით. 2005-09 წლებში სახელმწიფო და გამომცემლობები პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ. სახელმწიფო არა მარტო სტანდარტებს აწესებდა, არამედ ეხმარებოდა გამომცემლობებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანისა და ტრენინგების გზით, სკოლებთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარების მცდელობით და სასწავლო გეგმების ექსპერტების მიერ ავტორთა დახმარების კუთხით. გამომცემლობები, თავის მხრივ, ცდილობდნენ, საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ხარისხის ამაღლებას, საუკეთესო ავტორების მოზიდვას, დიზაინისა და შინაარსის გაუმჯობესებას. ლიბერალური მიდგომის, პოლიტიკური ნებისა და სწორად დანერგილი სისტემის საფუძველზე, პრაქტიკულად, აღმოიფხვრა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფცია სახელმძღვანელოების დამტკიცებისა და გავრცელების კუთხით. 2009 წელს, პირველად ჩვენს ისტორიაში, სახელმწიფომ სახელმძღვანელოების შერჩევის საბოლოო უფლება მასწავლებლებს გადასცა და თვითონ მხოლოდ ექსპერტული შეფასების განხორციელების უფლება დაიტოვა.


კიდევ მრავალი სიახლისა და მიდგომის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ზოგადი განათლების სისტემაში 2004-09 წლებში დაიგეგმა და განხორციელდა. განათლების სისტემის რეფორმის პრობლემა დღეს ცვლილებების დაუსაბუთებლობასა და სიმცირეში როდია. განათლების სფეროში ცვლილებას მრავალი წელი მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. ამ წლების განმავლობაში, ნებისმიერ ცვლილებას ჰყავს მოწინააღმდეგე და მომხრე. ჩვენთან, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეთა არსებობა მუდმივად ხდება ცვლილებების შეჩერებისა და, ხანდახან, საპირისპირო მიმართულებით განხორციელების დაწყების მიზეზი. ამ სტატიაში აღწერილი მრავალი სიახლის დანერგვა მანამდე შეჩერდა, სანამ ის საკლასო ოთახისა და სკოლის დონეზე გაშინაგანებას მოასწრებდა. ამ სიახლეების შეჩერებისას კი არ გაუთვალისწინებიათ ის, რომ მათ რეფორმამდე ათასობით მომხრე ჰყავდა, რეფორმის შედეგად კი მათი რიცხვი გაიზარდა. რეფორმამდელი სტატუს კვოს მხარდამჭერებს დღეს, სამწუხაროდ, მეტი გავლენა აქვთ პოლიტიკურ წრეებში, ვიდრერეფორმის დაწყებისას. ეს კი ხშირად სიახლეების დანერგვას შეუძლებელს ხდის.

კომენტარები