0 კომენტარი

2013 წლის პირველ აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, თითქმის შვიდთვიანი განხილვის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ.

ახალაიასთან ერთად, ამავე საქმეზე ბრალდებულები იყვნენ გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში ახალაია პატიმრობაში იმყოფებოდა. პირველი აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ყოფილი მინისტრი კვლავ პატიმრობაში რჩება, ვინაიდან მის მიმართ კიდევ ორი საქმის განხილვა მიმდინარეობს: ე.წ. სპეცრაზმელების საქმე, რომელიც ეხება შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრის არასათანადო მოპყრობას და ბუნტის საქმე, რომელიც ეხება 2006 წლის ციხის ბუნტის დროს უფლებამოსილების გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

ბაჩო ახალაია პირველი იყო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთაგან, ვისაც ახალმა ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა და დააკავა. ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება.

საქმეში ჯერ კიდევ გამოძიების ადრეულ ეტაპზე გამოჩნდა ხარვეზები. მაგალითად, ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ორმა მოწმემ საჯაროდ განაცხადა პროკურატურაში მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მათი განცხადებით, ამ ზეწოლის მიზანი და შედეგი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა იყო. ფაქტის გასაჯაროების და დაცვის მხარის ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიება არ ჩატარებულა და მისი შედეგები ჯერ კიდევ უცნობია. მოწმეების მიერ ზეწოლის შესახებ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში, პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა. ეს ფაქტი პირველი ნიშანი იყო, რომ გამოძიება ფაქტების ყოველმხრივი ობიექტური შესწავლის გზით არ მიდიოდა.

ახალაიას საქმის სასამართლო განხილვების დროს, კვლავ არაერთხელ გაისმა ბრალდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების გზით ჩვენებების მიღების თაობაზე. მედია, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის საქმეს აშუქებდა, გვერდს ვერ უვლიდა სასამართლო დარბაზში არსებულ კურიოზულ სიტუაციებს; მაგალითად, როგორ აღიარებდნენ ბრალდების მოწმეები, რომ ჩვენებები მათ არ დაუწერიათ, უბრალოდ, ხელი მოაწერინეს და დარწმუნებით არ იცოდნენ ზოგიერთი ფრაზისა თუ სიტყვის მნიშვნელობა; რომ რამდენიმე დაზარალებულმა ვერ იცნო ბრალდებული და ბადრაგში შეეშალა; რომ მოწმეები ხელისგულზე დაწერილი ე.წ. შპარგალკებით ცხადდებოდნენ სასამართლოში, რათა სათქმელი არ დავიწყებოდათ; რომ რამდენჯერმე მოსამართლე იძულებული გახდა, ცოცხალი ბარიერი დაეყენებინა დასაკითხ პირსა და პროკურორს შორის, რათა ამ უკანასკნელს მოწმისათვის არ ეკარნახა.

ამ კურიოზული შემთხვევების გარდა, ცნობილი გახდა ბევრად მძიმე ფაქტების შესახებ. მაგალითად, როდესაც პოლკოვნიკმა მერაბ კიკაბიძემ საჯაროდ განაცხადა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის თაობაზე, ან როდესაც გენერალმა კალანდაძემ გაიხსენა თავდაცვის მინისტრის მუქარანარევი რჩევა, მიეცა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება, თუ საქმეში მოწმედ დარჩენა უნდოდა. მეტიც, ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, რომ ის შუაღამისას გაიტაცეს და დაემუქრენ. მოსამართლის მოთხოვნის მიუხედავად, დარბაზში მყოფმა პროკურორმა უარი განაცხადა გამოძიების ფარგლებში ფაქტის შესწავლაზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

თბილისის სასამართლოში ახალაიას წინააღმდეგ საქმეების განხილვისას ასევე ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ის პირი, რომელმაც ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდა ან დაწინაურდა.

სოციალური მედიის საშუალებით სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურის მიერ ზარზეიმით დაანონსებული ახალაიას ბრალდების საქმე პროკურატურისავე პრობლემა ხდებოდა.

საბოლოო ჯამში კი, მოსამართლემ, მათ შორის ზემოაღნიშნული გარემოებების ფონზე, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, როგორც ახალაიას, ასევე სხვა პირების მიმართ (სასამართლომ ჯარისკაცების ცემისთვის დამნაშავედ ცნო მხოლოდ ალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა, თუმცა ამნისტიის გამო ისინი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისგან გათავისუფლდნენ).

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდში. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი შეეცადა, გამამართლებელი განაჩენი წარმოეჩინა, როგორც ახალი ხელისუფლების მიერ გაცხადებული სასამართლო რეფორმის წარმატების დასტური – სასამართლო პროკურატურისგან დამოუკიდებელია და მის ყველა მოთხოვნას აღარ აკმაყოფილებს.

პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი უფრო რეალისტურად შეხვდა სასამართლო გადაწყვეტილებას და ფრთხილად, მაგრამ ხელი მაინც პროკურატურისკენ გაიშვირა.

რას ნიშნავს ახალაიას საქმე ქართული მართლმსაჯულებისათვის? ეს ერთი კონკრეტული საქმეა, რომლის განზოგადება და მის საფუძველზე დასკვნების გამოტანა მართლმსაჯულების სისტემის შესახებ სრულ სურათს ვერ შექმნის. მით უმეტეს გაზვიადებულია ვარაუდი, რომ სასამართლო რეფორმა დასრულდა წარმატებით იმიტომ, რომ ერთმა მოსამართლემ გაბედა და ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო. ამ საქმის შედეგი პროკურატურაზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე სასამართლოზე.

წლის დასაწყისში, სტატიაში „სასამართლო დამოუკიდებლობა ახალ სახიფათო ზონაში" ვწერდი, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ მასობრივი სამართლებრივი დევნისა და გამოძიებების პირობებში, სასამართლოს წინ დიდი გამოწვევა ჰქონდა. ეს გამოწვევა არც გამქრალა და არც დაძლეულა. ხშირად გვესმოდა მუქარანარევი რიტორიკა მოსამართლეების მიმართ და მათი კატეგორიზაცია „სისტემის მსხვერპლებად" და კარგ მოსამართლეებად.

2013 წლის 6 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯაროდ განაცხადა ახალაიას საქმის მიმართ პროკურატურის დაინტერესების შესახებ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავარი პროკურატურის პროკურორი დაუკავშირდა ახალაიას საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს და გამოჰკითხა, რას ფიქრობდა მოსამართლე საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ; განცხადების თანახმად, მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი თავის დაინტერესებას იმ გარემოებით ხსნიდა, რომ იცოდა, საქმეს „უჭირდა" და საქმეზე გამომსვლელი პროკურორი „სუსტი" იყო. სასამართლომ აღნიშნულ კომუნიკაციას საჯაროდ უწოდა „სასამართლოს საქმიანობაში არაპირდაპირი ჩარევა". არ ვიცით, რა ზომები იქნა პროკურატურაში მიღებული აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა ნათელია, რომ პროკურატურაში ახალაიას საქმის ბედი უკვე კარგა ხანია აწუხებდათ და იმ სისუსტეების შესახებაც იცოდნენ, რაზეც ზემოთ აღვნიშნე.

პროკურატურამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მათი მხრიდან ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარემ მოწმეები დაკარგა სასამართლო განხილვისას, ხოლო ახალ მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლოში ვეღარ წარადგენს, რაიმეს შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია.

უდავოა, რომ ახალაიას საქმემ პროკურატურის წინაშე არსებული მთელი რიგი გამოწვევები გამოააშკარავა. მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, პროკურორების კვალიფიკაცია ახალი ხელმძღვანელების წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც მათ მემკვიდრეობით ერგოთ და მოკლე დროში ვერ მოაგვარებენ. პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელებისკენ თითის გაშვერა არასერიოზულია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მთავარი პროკურორი კმაყოფილია თავისი კოლეგების საქმიანობით და ახალაიას საქმეს „საუკეთესოდ მომზადებულს" უწოდებს.

მთავარი პროკურორის შეფასება გადამეტებულია. იმ პირობებში, როცა სასამართლო დამოუკიდებელია პროკურატურის გავლენისგან, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ახალაიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგომის ორი შესაძლო მიზეზი არსებობს: პირველი, ყოფილი მინისტრის ბრალდება ფაბრიკაციის შედეგია და მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს; მეორე, პროკურატურამ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და ბრალის დამტკიცება. ორივე შემთხვევაში, საქმე ღრმა პრობლემასთან გვაქვს და არა „საუკეთესოდ მომზადებულ" საქმესთან. მოწმეებზე ზეწოლა ან მათ მიმართ მუქარა დანაშაულია და თითოეული ასეთი ბრალდება გამოძიებას საჭიროებს.

რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო ახალაიას საქმის სასამართლო განხილვა, კითხვები პროკურატურის მიმართ მაინც იარსებებდა, ვინაიდან დაცვის მხარისა და მოწმეების მიერ სააშკარაოზე გამოტანილი ფაქტები შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს.

ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ და მასობრივმა ბრალდებებმა შეკითხვები ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და მათ მთავრობებსაც გაუჩინა. ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლის შემდეგ აწ უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შეარყია, რის გამოც კარგა ხანია გვესმის გაფრთხილება მეგობრებისაგან, რომ ამგვარმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

პროკურატურა და, ზოგადად, ხელისუფლება, უმჯობესია, უფრო ფრთხილად მიუდგეს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმეებს და გადაწყვეტილებები მიიღოს კანონის და არა მათ მიერვე შექმნილი საზოგადოებრივი აზრის, ან ამა თუ იმ პირის იმიჯის შესაბამისად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი განცხადება პროკურატურის აპოლიტიკურობისა და მიუკერძოებლობის შესახებ, ფუჭ სიტყვებად დარჩება.

ახალაიას საქმემ ზოგადად, და არა გამამართლებელმა განაჩენმა, პროკურატურის ის ხარვეზები გამოააშკარავა, რომელთა გამოსწორება მართლმსაჯულების სისტემას უფრო ჯანსაღს გახდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები