თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ღირსიაშვილი: ვარკვევთ, სად და რომელ რგოლში იქნა დაშვებული შეცდომა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი უწყების განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არკვევენ, სად და რომელ რგოლში დაუშვეს შეცდომა. მისი თქმით, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ეს იყო შეცდომა, ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი. ხარვეზი, რა თქმა უნდა, იყო დაშვებული თავდაცვის სამინისტროს არსებულ მენეჯმენტში. ვაღიარებთ ამ შეცდომას, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, მინისტრი ტექნიკურად არ იმყოფებოდა იმ მომენტში სამუშაო ადგილზე, იყო გასული სამსახურებრივი საქმიანობის შესასრულებად. შესაბამისად, ვერ მოხერხდა მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან განცხადების სრული ტექსტის შეთანხმება. ვარკვევთ, თუ სად და რომელ რგოლში იქნა დაშვებული შეცდომა და რასაკვირველია, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება",-თქვა ღირსიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა.

კომენტარები