აშშ-ირანის დაპირისპირება

აჰმადინეჟადი: გამოძიების რეალური სამიზნე

REUTERS
ირანში მაჰმუდ აჰმადინეჟადსა და კლერიკალურ ისტებლიშმენტს შორის დაპირისპირება მწვავდება. უთანხმოების ახალი ტალღის აგორება ირანის ისლამური რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ საბანკო თაღლითობას უკავშირდება. დამნაშავეთა ჯგუფი გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით, ირანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური დაწესებულება ბანკ Sederat-იდან იღებდა სესხს. ამ ფულით სახელმწიფო კომპანიებს ყიდულობდნენ. ზარალმა 2.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კონსერვატიულმა პრესამ, რომელიც ძირითადად სამღვდელოების შეხედულებებს ახმოვანებს, პირველი შეტევა პრეზიდენტსა და მის გარემოცვაზე მიიტანა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ამირ მანსურ ხოსრავი, პრეზიდენტის მრჩევლისა და მარჯვენა ხელის, ესფანდირ რაჰიმ მაშაეის ახლო მეგობარი აღმოჩნდა. მას საბანკო ლიცენზიის მოპოვებაში, მაშაეი დაეხმარა.

მაშაეი თავისი „არაფუნდამენტალისტური” შეხედულებების გამო ხშირად ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლში. ამჯერადაც, პოლიტიკოსის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა გახმოვანდა. თუმცა, მაშაეი პრეზიდენტის კეთილგანწყობით სარგებლობს.

იმ მოტივით, რომ აჰმადინეჟადი „ზედმეტად იცავს” მთავრობის წევრებს, 3 ოქტომბერს კონსერვატიულმა ძალებმა გამოძიებაში პრეზიდენტის ოფისის ჩართვაც მოითხოვეს. პრესაში მაშინვე გავრცელდა შესაძლო იმპიჩმენტის სცენარები.

ირანში კორუფცია საკმაოდ არის გავრცელებული. საბანკო თაღლითობის წინ წამოწევა მხოლოდ მის მასშტაბებს არ გამოუწვევია. Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის დონის მიხედვით, ირანი 178 სახელმწიფოდან 146-ე ადგილზეა.

მთავარი მიზეზი 2012 წლის მარტში დანიშნული საპარლამენტო არჩევნებია. კონსერვატიული ძალები ამ საბანკო თაღლითობას, ერთი მხრივ, იმ ლიბერალიზაციის შედეგად წარმოაჩენენ, რასაც აჰმადინეჟადის გუნდი ატარებდა. მეორე მხრივ კი, ამ გუნდის წევრების კორუმპირებულობაზე აკეთებენ აქცენტს.

ზიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.8%-ს შეადგენს. ეს მოსახლეობაზე, სულ მცირე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ბოლო პერიოდში ირანში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა და უმუშევრობის დონემ საგრძნობლად იმატა. ინფლაცია 25%-ს, ხოლო უმუშევრობა 30%-ს აღემატება.

მოსალოდნელია, რომ საბანკო სკანდალი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება. 
 

კომენტარები