ოსლო

ბრეივიკმა თავი ტამპლიერების ორდენის წევრად დაასახელა

ანდერს ბრეივიკმა, რომელსაც ბრალი ედება ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არის ”ტამპლიერების ორდენის” წევრი.  ბრეივიკმა ისაუბრა ამ ე.წ. ორდენის შესახებ და თან პროკურორს მოსთხოვა არ დაეცინა მისთვის.

განსასჯელის თქმით, ანტიისლამისტური ულტრამემარჯვენე ქსელის წარმომადგენლები, მის მიერ ნახსენები ”ორდენის” ფარგლებში თავის დროზე ლონდონში შეიკრიბნენ - საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის შესამუშავებლად. იქვე, ბრეივიკმა უარი თქვა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის - ამ შეკრებაზე იყო თუ არა მიღებული გადაწყვეტილება  ძალისმიერი მეთოდების გამოყენების თაობაზე.

სასამართლო შეეცდება დაადგინოს აქვს თუ არა ანდერს ბრეივიკს ფსიქიკური პრობლემები და სად უნდა იყოს მოთავსებული ის მომავალში: ციხეში თუ სამკურნალო დაწესებულებაში.

არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პირველი დასკვნით ნორვეგიელს, რომელიც უსასტიკესი დანაშაულის ჩადენას აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს, ფსიქიკური პრობლემები აქვს , მეორე დასკვნის მიხედვით კი ის შერაცხადია.

BBC -ის კორესპონდენტი ოსლოში, სტივ როზენბერგი აღნიშნავს ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულის უცნაურობებს, მათ შორის იმას, რომ მას სძრულს ყველა მუსლიმი, თუმცა მოხიბლულია უსამა ბინ ლადენითა და ალყაიდას ქმედებებით.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრეივიკი უემოციოდ ისმენდა მის მიერ მოკლულთა საქმეებს და ემოციები მხოლოდ მაშინ ვერ დამალა, როცა პროცესზე დაიწყო მის მიერვე მომზადებული პროპაგანდისტული ვიდეორგოლის ჩვენება. ის კი ევროპაში ისლამის გავრცელების საშიშროებას ეხება.

”ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ ეს ემოციური ვიდეოა.”- თქვა სასამართლო პროცესზე აცრემლებულმა განსასჯელმა, ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ.

 ბრეივიკი  თავს "სამხედრო მეთაურად" მიიჩნევს და ამბობს, რომ   მის საქმეს სამხედრო ტრიბუნალი უნდა განიხილავდეს და არა ჩვეულებრივი სასამართლო, ჩადენილ  უსასტიკეს დანაშაულს  ევროპის ისლამისგან დაცვის მიზნით ხსნის და აცხადებს, რომ  იგივეს გააკეთებდა.

სასამათლომ აღნიშნა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულება ”ტამპლიერების ორდენის” არსებობის თაობაზე, რომლის წევრადაც თავს ანდერს ბრეივიკი ასახლებს. გამოძიების ვერსიით ის მარტო მოქმედებდა. ბრეივიკმა კი ოთხშაბათს  სასამართლო დაადანაშაულა მის მიერ ნახსენები ქსელის მიმართ უნდობლობის დათესვის მცდელობაში. მან  დაგმო 21 წლიანი პატიმრობა, რაც იმ შემთხვევაში ელის, თუკი დადასტურდება, რომ შერაცხადია და მოითხოვა სასამართლომ გაამართლოს ან სიკვდილი მიუსაჯოს. ნორვეგიაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

ანდერს ბრეივიკმა მოაწყო ტერორისტული აქტი ოსლოში, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა სტუდენტებს კუძულ უტოიაზე.

მის მიერ მოკლულებს შორის იყო ქართველი სტუდენტიც- თამთა ლიპარტელიანი. მაშინ, კუნძულ უტოიაზე გადარჩენილი მეორე ქართველი სტუდენტი ოსლოში იმყოფება. ის ბრეივიკის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდა.

 

კომენტარები