თურქეთისა და სირიის ურთიერთობები უკიდურესი ესკალაციის ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც სირიის სამხედრო დანაყოფებმა თურქეთის ქალაქი აქჩაკალე დაბომბეს. აღნიშნულ ფაქტს შეეწირა ხუთი მშვიდობიანი მოსახლე, რომელთა შორის ორი ბავშვია. ინციდენტზე საპასუხოდ, დაბომბვიდან მეორე დღესვე, თურქეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც თურქეთის ჯარს აძლევს უფლებას, ერთი წლის მანძილზე აწარმოოს სამხედრო მოქმედებები სირიის საზღვარზე. ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული შეტაკებები ახლაც გრძელდება. არის მსხვერპლიც.
თუ გადავხედავთ თურქეთისა და სირიის ბილატერულ ურთიერთობებს, შევნიშნავთ, რომ ისტორიულად ისინი მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩეოდა. ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების დაძაბვას საფუძველი 1939 წლიდან უდევს, როდესაც ჰათაის პროვინციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე სირიის ნაწილი იყო, გადაწყვიტა შესულიყო თურქეთის შემადგენლობაში. სირია დღესაც არ ცნობს ჰათაის პროვინციას თურქეთის ნაწილად და მას თავის შემადგენლობაში მოიხსენიებს.
90-იან წლებში თურქეთმა კინაღამ ომი დაიწყო მეზობლის წინააღმდეგ. ურთიერთობების ესკალაცია გამოიწვია იმან, რომ სირია თავშესაფარს აძლევდა ქურთ აჯანყებულებს (ცნობილია PKK-ს სახელით: ქურთისტანის მუშათა პარტია), რომლებიც ტერორისტულ ქმედებებს ახორციელებდნენ თურქეთის ტერიტორიაზე.
ორი ქვეყნის ურთიერთობები სირიის სათავეში ბაშარ ალ-ასადის მოსვლის შემდეგ (2000 წლიდან) გამოსწორდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული სირია-თურქეთის ურთიერთობები სტაბილურობით ხასიათდებოდა და ე.წ. თაფლობის თვის ფაზაში იყო შესული. მეზობელ ქვეყნებს შემოღებული ჰქონდათ უვიზო მიმოსვლა და სავაჭრო ურთიერთობებიც უფრო და უფრო ღრმავდებოდა. თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობებში ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სირიაში ამბოხებები დაიწყო: თურქეთმა აჯანყებულების მხარე დაიჭირა, შეიფარა სირიელი ლტოლვილები და მრავალჯერ მოუწოდა პრეზიდენტ ალ-ასადს გადადგომისკენ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სამხედრო ინციდენტები სირიის მხრიდან, რისი ერთ-ერთი ბოლო მაგალითია 3 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ აქჩაკალეს დაბომბვაც.
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე თურქეთი დავითოღლუს „მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების” ქონის სტრატეგიაზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახლებურ ხედვაში აღარ იყო სამხედრო ქმედებების ადგილი; დიპლომატია ხდებოდა ძირითადი იარაღი და რეგიონული თანამშრომლობა – მთავარი პრიორიტეტი.
თუმცა ბოლო კვირის მანძილზე განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს დავითოღლუს სტრატეგიის შემდგომ აქტუალობას. „საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ომის დასაწყებად”, – აცხადებს ერდოღანი. აშშ და NATO თურქეთს მხარდაჭერას აღუთქვამენ, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობას, რადგან თურქეთის სამხედრო სისტემა ალიანსის თავდაცვის ძალების მიერ არის აწყობილი და ქვეყანა თამამი სამხედრო ქმედებების განხორციელებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.
აღნიშნულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ირანის ფაქტორი, რომელიც მხარს უჭერს ასადის მმართველობას და დასავლეთის ქვეყნების მიერ სირიაში რეჟიმის ცვლილებას აღიქვამს, როგორც თავის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას. გარდა ამისა, თურქეთი, რომელიც ბოლო პერიოდში აღმოსავლეთისკენ უფრო გაიხსნა და თეირანთან ურთიერთობების გამოსწორებას შეეცადა, ახლა ისევ დასავლეთის ქვეყნების პოზიციას იკავებს ირანის საკითხთან დაკავშირებით.
რეგიონში მდგომარეობა სულ უფრო მწვავდება. დღეს აღარ გამორიცხავენ, რომ აქჩაკალეს დაბომბვა და მიმდინარე სხვა მცირე ზომის სამხედრო ინციდენტები შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიან რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. „რბილი ძალის პოლიტიკიდან” შეკავების პოლიტიკამდე – თურქეთი რეგიონში ხისტი საგარეო პოლიტიკის ეტაპზე გადადის.