2013 წლის ბიუჯეტი

მთავრობამ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტი წარმოადგინა

5 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა. 
როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული, ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო მომზადებული და, შესაბამისად, ითვალისწინებდა იმ პრიორიტეტების დაფინანსებას, რომლებიც განსაზღვრული იყო ნაციონალური მოძრაობის პროგრამით - „მეტი სარგებელი ხალხს“. 
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების და ახალი ხელისუფლების მთავრობის წევრების დანიშვნის შემდგომ, საკმაოდ მცირე დრო იყო იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მთლიანი ბიუჯეტის დეტალური გაანალიზება, გადამუშავება და ყველა იმ ინიციატივის ასახვა, რაც წარმოდგენილია მთავრობის პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, - წერია სამინისტროს ვებგვერდზე. 
ფინანსთა სამინისტრო იქვე განმარტავს, რომ დროის სიმცირის მიუხედავად, სხვადასხვა უწყებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შემცირების, სარეზერვო ფონდების შეკვეცისა და საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების შედეგად, 740,0 მილიონი ლარის რესურსის მოძიება გახდა შესაძლებელი. 
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს, მოქმედი 20 სამინისტროდან რვას დაფინანსება შეუმცირდება. ესენია - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 127 მილიონი ლარით), ფინანსთა (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 18 მილიონით ლარით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 64 მილიონი ლარით), ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 172 მილიონი ლარით), საგარეო საქმეთა (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 7 მილიონი ლარით), კულტურის და ძეგლთა დაცვის (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 25 მილიონი ლარით), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 12 მილიონი ლარით) და გარემოს დაცვის სამინისტროები (დაფინანსება უმცირდება დაახლოებით 2 მილიონი ლარით). 
ბიუჯეტიდან შემცირებულ დაფინანსებას მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. ამ უწყების საბიუჯეტო დაფინანსება 2013 წლისთვის 9.2 მილიონ ლარით განისაზღვრა. 2012 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 14.1 მილიონი ლარით ფინანსდებოდა. 40 მილიონით შემცირდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობაც. აღნიშნული ფონდი მომავალ წელს 10 მილიონ ლარს მიიღებს (2012 წ. - 50 მილიონი ლარი). 
დაახლოებით 23 მილიონი ლარით შეუმცირდება დაფინანსება პრეზიდენტზე დაქვემდებარებულ კიდევ ერთ უწყებას - ეროვნული უშიშროების საბჭოს. მომავალ წელს უშიშროების საბჭოს აპარატი 1.8 მილიონ ლარს მიიღებს. 2012 წელს ეს უწყება ბიუჯეტიდან 24.7 მილიონი ლარით ფინანსდებოდა.
2013 წელს შემცირებულ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს ყველა გუბერნატორის ადმინისტრაცია. ასევე შეიკვეცება ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემი ტრანსფერების ოდენობაც. 2012 წელის მონაცემებით, ტრანსფერების საერთო ჯამი 832 მილიონ ლარს შეადგენდა, მომავალ წელს კი 770.1 მილიონამდე შემცირდა.  
200 მილიონზე მეტით შეიკვეცება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების სარეზერვო ფონდის მოცულობა. 2012 წელს ფონდი ბიუჯეტიდან არსებულ 357.9 მილიონ ლარს იღებდა. მომავალ წელს მისთვის 150 მილიონი ლარი გამოიყოფა.  
დაფინანსება უმცირდება სახალხო დამცველის აპარატსაც. 2012 წელს იგი 2.1 მილიონ ლარს იღებდა, მომდევო წელს კი 1.8 მილიონ ლარს მიიღებს. 
49.6 მილიონიდან - 31.8 მილიონ ლარამდე ეკვეცება დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს.
იმ უწყებებს შორის, რომელიც მომავალ წელს ბიუჯეტიდან გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს, აღსანიშნავია რამდენიმე სამინისტრო. 
დაახლოებით 200 მილიონით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება. 2013 წელს უწყების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2012 წ. - 1.809 მლრდ). 
2013 წელს დაფინანსება ასევე გაეზრდება თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და დევნილთა სამინისტროებს, ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და დასაქმების მინისტრის აპარატებს.  
2013 წლის ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 4-მილიონიან ზრდას ითვალისწინებს მთავრობის კანცელარიისთვის (2013 წ. - 13.6 მლნ − 2012 წ. - 10 მლნ). მთავრობის სარეზერვო ფონდი კი უცვლელი რჩება - 50 მილიონი ლარი. 
საქართველოს პარლამენტის მომავალი წლის ბიუჯეტი 700 ათასი ლარით იზრდება (2013 წ. - 39.8  მლნ − 2012 წ. - 39.1 მლნ).
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გაიზრდება საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებაც. მომდევნო წელს, საპატრიარქო 25 მილიონ ლარს მიიღებს (2012 წ. - 22.8 მლნ).
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის მომენტისთვის, დამატებით შემცირდება ზოგიერთი პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსება. დაზოგილი თანხა კი მთლიანად გადანაწილდება ახალი მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებაზე. 

კომენტარები