რიჩარდ ნორლანდი

ნორლანდი: უმნიშვნელოვანესია, როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, პროცესი სამართლიანად წარიმართოს

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, პროცესი სამართლიანად წარიმართოს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩად ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნორლანდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ გრძელდება საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი რიტორიკა.

„როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პროცესი სათანადოდ და სამართლიანად წარიმართოს. ჩვენ ამას გულდასმით ვაკვირდებით. საკითხი, ვინ დგას საქართველოს შეირაღებული ძალების სათავეში, თავისთავად აინტერესებს NATO-ს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრეზიდენტი, რომელსაც ამ საკითხში გარკვეული როლი აკისრია, შეთანხმდნენ და იპოვონ კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც სამუშაოსა და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ გაართმევს თავს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ მთავრობასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის გამო ვინმემ პოლიტიკური ქულები არ უნდა დაიწეროს. ახლა მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, სამინისტროების საქმიანობა თუ ქვეყნის ზოგადი წინსვლის ხელშეწყობა საქართველოს მოქალაქეების იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები