რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი: მშვიდ საარჩევნო პროცესს ველოდები

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, მშვიდ საარჩევნო პროცესს ელის. რიჩარდ ნორლანდმა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდიც გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ძალადობის გარკვეული საფრთხე არსებობდა.

"ივლისში, პრაიმერის დროს გვქონდა ბოთლებისა და ქვების სროლის შემთხვევა, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულმა შეხვედრამ მშვიდობიანად ჩაიარა. მოსმენილი შეფასებებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის. ამაში საზოგადოებაც დარწმუნებულია. ძალიან მოხარული ვარ პოლიციის დამოკიდებულებით იმ თვალსაზრისით, რომ მზად არის, აღკვეთოს შესაძლო დარღვევები. თუმცა, ის შეინარჩუნებს სრულ ნეიტრალიტეტს და არჩევნების პროცესში არ ჩაერევა. რამაც ყველაზე მეტად გამახარა, არის ქართველი ხალხის რწმენა - ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს", - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული დემოკრატიულობის მიზნის მისაღწევად, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, გულდასაწყვეტია ის ქმედებები, რომლებიც რეგიონის ხალხების დაშორებას ისახავს მიზნად.

"ვგულისხმობ ხელოვნური საზღვრების აღმართვას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის, ოსეთის და საქართველოს ტერიტორიებს შორის. როდესაც გესმის შემთხვევა, რომ ადამიანს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა იმის გამო, რომ საზღვრის გადმოლახვა ვერ შეძლო, დაიღუპა, ტრაგიკული განცდა გეუფლება. რასაკვირველია, მთელ რეგიონში შენარჩუნებული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების წინ, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი ელოდება ახალ იდეებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიხსნას ის ბარიერები, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს და როგორ დამყარდეს უკეთესი კონტაქტები აღნიშნული რეგიონების მოსახლეობაში", - განაცხადა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩი ზუგდიდში წინასარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რიჩარდ ნორლანდი შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებს.

კომენტარები