კინოფესტივალი

თბილისში რუსული კინოს მე-3 ფესტივალი გაიმართება

ხვალ, 21 ნოემბერს თბილისში რუსული კინოს მესამე ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალზე თანამედროვე რუსული კინოს ოცდაათამდე უახლესი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების სახით. აქვე იქნება ნაჩვენები საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორი ნამუშევრებიც.

21 ნოემბერს, გახსნის საღამოს, ნაჩვენები იქნება ანდრეი პროშკინის ფილმი „ურდო“, რომელსაც მოსკოვის 34-ე საერთაშორისო ფესტივალზე რამდენიმე პრიზი აქვს აღებული. ფესტივალს ავდოტია სმირნოვას „კო-კო-კო“ დახურავს.

ფესტივალზე დაგეგმილია ალექსეი ბალაბანოვის ფილმების რეტროსპექტივაც. ნაჩვენები იქნება მისი რამდენიმე ფილმი, მათ შორის ბოლო ნამუშევარიც - „მეც მინდა“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში მონაწილეობდა.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოებიდან 100 წლის იუბილე. ასევე, ტრადიციისამებრ, მოხდება სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემა კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

რუსული კინოს ფესტივალს რეჟისორები, პროდიუსერები და კინოსამყაროს ცნობილი სახეები ესტუმრებიან, მათ შორის ალექსანდრე ბალაბანოვი, ანდრეი პროშკინი, ვადიმ აბდრაშიტოვი, პაველ კოსტომაროვი, რომან პრიგუნოვი, ვასილ სიგარევი, სლავა როსი, სერგეი სელიანოვი, ირაკლი კვირიკაძე, ანა მიხალკოვა, ანა ტროიანოვა, კირილ პირაგოვი და ა.შ.

ფესტივალს რუსთაველის კინოთეატრი მასპინძლობს. ის 25 ნოემბრამდე გასტანს. 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი „კინოპროცესი“.

 

 

კომენტარები