სატელეფონო მოსმენა

სასამართლო: გამოძიებას გვარამიას და მერაბიშვილის ფარული მოსმენის უფლება არ ჰქონდა

დღეს, 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერმა მოსამართლემ ეკა არეშიძემ  განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ ფარულ სატელეფონო მოსმენასთან დაკავშირებით გაცემულ ნებართვებში ნიკა გვარამია და ვანო მერაბიშვილი არ იყვნენ მოხსენიებული.
"არც პროკურატურის შუამდგომლობებში და არც ... მოსამართლეების მიერ გაცემულ ბრძანებებში არ ყოფილან მოხსენიებულნი ბატონები ნიკა გვარამია და ივანე მერაბიშვილი", - განაცხადა არეშიძემ.  
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ჯერ არ ამოწურულა. საქალაქო სასამართლოს პრესსპიკერის განცხადებით, ვადის ამოწურვამდე სასამართლოს ბრძანებების გასაჯაროება, ისევე როგორც ბრძანების გამცემ მოსამართლეთა ვინაობის დასახელება, "არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესის ამოცენებს" და არღვევს ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონს.  
დღესვე, სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან და იმ სასამართლოს ბრძანებებიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ჩანს, რომ ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის, ასევე დევი კანდელაკისა და ალექსანდრე ხეთაგურის სატელეფონო საუბრების ნებართვა საგამოძიებო უწყებას არ გააჩნდა.  
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სატელეფონო საუბრების მოსმენის კანონიერებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: 
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა მოსმენა ხორციელდებოდა სასამართლოს ნებართვით და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთი უკანონო მოსმენა არ იქნება. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებები, გამოქვეყნდა და მხოლოდ ამ მხრივ იქნება, გასაგებია, რომ ასეთი საჭიროება გამოძიებისათვის ხშირად არსებობს", - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები