გამოძიება

თბილისის მერის გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის მიზნით, შსს სასამართლოს მიმართავს

დღეს, 14 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელის თანახმად, გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის მიზნით, შსს საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
"თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს იმ მუხლს, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ მიმართა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ  1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლი გულისხმობს იმ სიტუაციას, როდესაც მოწმე თავს არიდებს პოლიციაში გამოცხადებას და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. მისი თქმით, ამ საკითხს სწორედ 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი არეგულირებს, რადგან ახალი საპროცესო კოდექსი ამ ნაწილში ჯერ ამოქმედებული არ არის.
"კოდექსი ამ დროს არის მიღებული, თუმცა შემდეგ ცვლილებები განიცადა და მიიღეს ახალი საპროცესო კოდექსი. თუმცა, ის ბოლომდე ამოქმედებული არ არის და რამდენიმე ნაწილში მოქმედებს ძველი საპროცესო კოდექსიც. მათ შორის, ამ საკითხის მარეგულირებლადაც გამოიყენება ძველი საპროცესო კოდექსი, რადგან ახალი ამ ნაწილში ჯერ არ ამოქმედებულა", - აცხადებს კოჟორიძე. 
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა გამოძიებამ 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარა დასაკითხად. თბილისის მერი პოლიციაში არ მისულა. უგულავას თქმით, ის გამომძიებლებს მერიაში ელოდება და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.  

კომენტარები