გამოძიება

რუსთავი 2 ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაუმონტაჟებელ კადრებს ავრცელებს

ტელეკომპანია რუსთავი 2, კურიერის 12:00-საათიან გამოშვებაში ავრცელებს დაუმონტაჟებელ ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია თუ რა ვითარებაში დაიღუპა ბუტა რობაქიძე. 

ტელეკომპანიას აღნიშნული მასალა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა, რომელიც ამჟამად მთავარ პროკურატურაში იმყოფება დაკითხვაზე. 
როგორც ფირცხალავა ტელეკომპანიასთან საუბარში აცხადებს, მასალა მან დამოუკიდებელი გამოძიების დროს მოიპოვა. მისი თქმით, ვიდეოკამერა ჩართული იყო იმ მომენტიდან, როდესაც საპატრულო ეკიპაჟმა ის მანქანა გააჩერა, რომელშიც რობაქიძე და მისი თანმხლები პირები ისხდენენ.
ფირცხალავას თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ შემთხვევის დღეს დაკავებული ახალგაზრდები, ბუტა რობაქიძის მეგობრები არ იყვნენ და რობაქიძე მანქანაში შემთხვევით აღმოჩნდა.
"ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუადღეს დინამოს სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე", - განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, ვიდეოში ისმის გასროლის ხმაც და ჩანს, რომ ეს შემთხვევითი გასროლა იყო.
როგორც ფირცხალავა ამბობს, მისი ინტერესია, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და სწორედ ამიტომ გადასცა კადრები პროკურატურას. ფირცხალავა ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დაგვიანებით მივიდა.
მისივე თქმით, 2012 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე. 
"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული", - განაცხადა ფირცხალავამ. 
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია და აღმკვეთ ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები