გამოძიება

BBC: მილიონერმა ბიზნესმენმა ერაყს და საქართველოს უვარგისი მოწყობილობა მიჰყიდა

 

მილიონერი ბიზნესმენი ჯეიმს მაკკორმიკი ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბიზნესმენს ბრალად ედება ბომბის უვარგისი დეტექტორი მოწყობილობის გასაღება. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მოწყობილობა, რომელიც 40 ათასი აშშ დოლარი ღირდა და რომელსაც, მაკკორმიკის მტკიცებით, ასაფეთქებელი ნივთიერებების გარდა, საეჭვო პირების და ნარკოტიკების ამოცნობაც შეეძლო, სინამდვილეში მხოლოდ 20 აშშ დოლარი ღირდა და აწყობილი იყო გოლფის ბურთის საპოვნელი მარტივი მექანიზმის მიხედვით. ასეთი უვარგისი დანადგარების უდიდესი რაოდენობა - 6 ათასი ცალი - ბიზნესმენმა ერაყს მიჰყიდა. BBC-ის ინფორმაციით, როგორც გამოძიების მსვლელობისას გახდა ცნობილი, მსგავსი დეტექტორები საქართველოსაც აქვს შეძენილი.

გამოძიების დასკვნის მიხედვით, მაკკორმიკმა გამოავლინა სრული გულგრილობა მათ მიმართ, ვინც უვარგის დანადგარს საკუთარი უსაფრთხოების გასაზრდელად ისე იყენებდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მოატყუეს. მაკკორმიკის ბრალს ისიც ამძიმებს, რომ მან ზუსტად იცოდა, რომ დეტექტორის ეფექტიანობა მეცნიერულად შესწავლილი არ იყო და მყიდველი შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში, რომ პირადი სარგებელი ენახა.

სასამართლო მილიონერ ბიზნესმენს განაჩენს 2 მაისს გამოუტანს.

კომენტარები