ბათუმის ინციდენტი

შსს: საპატრულო ეკიპაჟმა მართვის მოწმობის არქონის გამო ვალერიან თელია უკვე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს
"როგორც მოგეხსენებათ, იმ დღეს გაიხსნა ტრეფიკინგის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რამდენიმე წელია აჭარაში არ გახსნილა. ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაულის გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ საქმეზე წასულიყო და ამით იყო განპირობებული, რომ ის საჭეს თავად მართავდა. როდესაც ნახა საპატრულო ეკიპაჟმა, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ის დააჯარიმა ამის გამო", - განაცხადა გიორგობიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.
მისივე თქმით, თელიას ემსახურებოდა აქამდე მძღოლი და ის უახლოეს მომავალში აპირებს მართვის მოწმობის აღებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე News.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა იმ ფაქტის, რომ აჭარის მთავარ სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა. კოჟორიძე აცხადებს, რომ საია-მ ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია შსს-ს გენერალურ ინსპექციას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა, თუმცა უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.  
შეგახსენებთ, რომ ვალერიან თელიასა და საია-ს თანამშრომლებს შორის ინციდენტი ბათუმში 28 მარტს მოხდა. დღეს, შსს-ის გენერალურმა ინპექციამ გამოაქვეყნა ამ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევის დასკვნა, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ თელია ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.  

კომენტარები