ბათუმის ინციდენტი

საია პროკურატურას განცხადებით სავარაუდოდ ხვალ მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, დღეს ჟურნალისტებს შეხვდა. როგორც კოჟორიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, 28 მარტის ინციდენტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს. 

მისი თქმით, ''ამ ამბავში არსებობს დანაშაულის ნიშნები, რითაც წესით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს". 

"ჩვენ ამ ეტაპზე პროკურატურას არა საჩივრით, არამედ განცხადებით მივმართავთ და მოვითხოვთ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას, ამ ფაქტის სამართლებრივ შეფასებას, განცხადება მომზადების პროცესშია და უწყებაში სავარაუდოდ ხვალ შევიტანთ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნაში, საიას ეჭვი შეაქვს.

კოჟორიძის განმარტებით, საია, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსის, ვალერიან თელიას ნარკოტესტზე შემოწმების მოთხოვნას ძალაში ტოვებს. მისივე თქმით, თელია ნარკოტესტზე შემოწმების გავლაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს.

"როგორც ჩვენი თანამშრომლები ამბობენ, ვალერიან თელია არაადეკვატურად იქცეოდა. ჩვენ ამ მოთხოვნას ისევ ძალაში ვტოვებთ, თუმცა ჯერ უარს ვიღებთ", - აღნიშნა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, კოჟორიძემ განმარტა, რომ ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ობიექტის, "ბათუმის სახლის" მეპატრონე, შიშის გამო, საქართველოს დატოვებას აპირებდა.   

''ბათუმის სახლი" დაკეტილი იყო 2-3 დღის განმავლობაში, მისი მეპატრონე შეშინებული იყო და ჩემთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ საქართველოდან წასვლა უნდა. ამ განცხადების შემდეგ ობიექტი მართლა დაიკეტა და ეს ადამიანი აღარ ჩანდა, შსს მას ეძებდა, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ პოულობდა", - აღნიშნა კოჟორიძემ და დასძინა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, გაიხსნა თუ არა ობიექტი და მოხერხდა თუ არა მისი მეპატრონის პოვნა. 

შეგახსენებთ, საიას წარმომადგენლებსა და აჭარის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის ინციდენტი "ბათუმის სახლთან" დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ობიექტის მფლობელმა საბირ ნურუევმა იმავე დღეს განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ჩანაწერი ამოიღეს, რომლის ნაწილი შემდეგ წაშლილი აღმოჩნდა. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ განაცხადა, რომ ჩანაწერის წაშლა დაუდევრობით მოხდა.

 

კომენტარები