ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

გოგიას დასანანი ბრინჯაო და თურმანიძის მეოთხე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტირანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

გუშინ, ვაჟა ღონღაძემ 94კგ. წონით კატეგორიაში  356 (168+188)კგ. ასწია და მე-7 ადგილი დაიკავა. წარუმატებელი გამოდგა გუშინდელი დღე ალბერტ კუზილოვისთვის, რომელიც 105კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ატაცში 180კგ. მხოლოდ მესამე ცდაზე აწევის შემდეგ, 216კგ.-იანი ძელი ვერც ერთხელ ვერ დაძლია.

იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა 22 წლის დავით გოგიამ - ატაცში 177, 181 და 183კგ, ხოლო აკვრაში 213 და 218კგ ასწია. სამწუხაროდ დასანანი რამ მოხდა, როდესაც გოგია 222კგ.-იანი ძელის ასაწევად გავიდა, სპორტსმენმა უკვე აწეული სიმძიმე სირენაზე ადრე ან დააგდო, ან დაუვარდა და შედეგად მხოლოდ ბრინჯაოს მედალს შეწვდა.

ახალგაზრდა, 22 წლის დავით გოგიასთვის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორობაც მშვენიერი შედეგია, თუმცა რომ არა ის სავალალო ინციდენტი, მას ვერცხლის მედლის მოპოვების შანსიც ჰქონდა.

კატეგორიაში ჩემპიონი რუსეთის სახელით მოასპარეზე დავიდ ბეჟანიანი გახდა, 411 (181+230)კგ., მეორე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა მაქსიმ შეიკომ დაიკავა (404 (184+220)კგ.

დღეს ფიცარნაგზე მძიმე წონოსანი ირაკლი თურმანიძე გავიდა. სპორტსმენმა ატაცში 192კგ. მხოლოდ მესამე ცდაზე ასწია, ხოლო აკვრაში 220კგ.-ის დაძლევის შემდეგ, 230 ვეღარ შეწვდა და ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დავით გოგიას გარდა საქართველოს ნაკრების სახელით ბრინჯაოს მედალი 85კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რაულ ცირეკიძემაც მოიპოვა.

 

კომენტარები